26 დეკემბერი 2024,   14:47
ვრცლად
რა უნდა გააკეთოს საქართველომ, რომ NATO-ს სრულფასოვანი წევრი გახდეს - შეფასებები ვილნიუსის სამიტის შემდეგ

მკაფიო გზავნილის ფონზე საქართველო ღია კარში რეფორმების განხორციელების გარეშე ვერ შევა - ამბობს საქართველოში ამერიკის ელჩი ვილნიუსის სამიტის დასრულებიდან მეორე დღეს. კელი დეგნანი განმარტავს, რომ ამ პროცესში ქვეყანას პარტნიორების მხარდაჭერის იმედი უნდა ჰქონდეს, თუმცა აუცილებელია ხელისუფლებისგან მათ შესაბამისი პოლიტიკური ნება დაინახონ.

ახალი წევრის მისაღებად თავად ალიანსი არ არის მზად - ამბობენ "ქართულ ოცნებაში," სადაც განმარტავენ, რომ ქვეყანა დღეს NATO-ში ინტეგრაციისთვის ყველა პირობას აკმაყოფილებს, თუმცა პოლიტიკური ნება ალიანსისგან არ ჩანს. სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებებს სახელისუფლებო გუნდი სამხედრო გაერთიანების პოლიტიკას და რუსეთის ფაქტორს უკავშირებს. მმართველი პარტიის თავმჯდომარის განმარტებით, NATO-ს ლიდერების შემუშავებული კომუნიკეს მიხედვით, მოცემულობა არც საქართველოსთვის და არც უკრაინისთვის არ შეცვლილა.

საქართველოსგან განსხვავებით უკრაინამ მეტი სარგებელი მიიღო - ეს უკვე ოპოზიციის შეფასებაა. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინისთვის ძალაში რჩება რეფორმების შესრულება და მოკავშირეების კონსენსუსი, ხელისუფლების ოპონენტების აზრით, ომში მყოფი ქვეყნისთვის "მაპის" გაუქმება ინტეგრაციისკენ გზას მეტად შეამოკლებს. ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ კომუნიკეში საქართველოსთან დაკავშირებული ჩანაწერი, რომელიც ფაქტობრივად 2008 წლის ბუქარესტის სამიტის დეკლარაციას იმეორებს, მნიშვნელოვანია, თუმცა საკმარისი არაა დაჩქარებულად გაწევრიანებისთვის.

"ქართულ ოცნებაში" მიაჩნიათ, რომ მათ ოპონენტებს უკრაინასთან დაკავშირებით გადაჭარბებული მოლოდინები ჰქონდათ. სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ არც ერთ ქვეყანასთან დაკავშირებით კონკრეტიკა არ ყოფილა და ეს ალიანსის ფრთხილი გადაწყვეტილებებით აიხსნება. უმრავლესობის განმარტებით, მაპის გაუქმების სანაცვლოდ NATO-ს წევრმა სახელმწიფოებმა უკრაინას წევრობისთვის სხვა, უფრო მკაცრი პირობები წაუყენეს.

ალიანსი როგორც უკრაინის, ისე საქართველოს გაწევრიანების პირობას ისევ იძლევა. შესაბამისი ჩანაწერები ვილნიუსის კომუნიკეში ჩაიწერა. ლიეტუვის დედაქალაქში გმართული სამიტს დასავლელმა ლიდერებმა ისტორიული უწოდეს.

დღის ამბები