19 მაისი 2024,   08:36
ვრცლად
წინდაში დამალული სააკაშვილის ფრჩხილი და თმა - ვინ არის არტურ ზაჩინსკი და რაში სჭირდებოდა პოლონელ ნეიროქირურგს სააკაშვილის ბიოლოგიური მასალა

პოლონელი მედიკოსი, რომელმაც კლინიკა "ვივამედიდან" მიხეილ სააკაშვილის თმის და ფრჩხილის ნიმუშების ფარულად გატანა სცადა, 46 წლის არტურ ზაჩინსკია. ექიმი ნეიროქირურგი, ვარშავის შინაგან საქმეთა და ადმინისტრაციის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მოადგილე, "კურიერის" ზარებს უკვე ორი დღეა არ უპასუხებს. პოლონეთის ეპიდემიური საბჭოსა და ნეიროქირურგიის ასოციაციის წევრს, კლინიკა "ვივამედში" მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, განმარტებები ამ დრომდე არ გაუკეთებია. ექიმმა "ფეისბუკის" და "ტვიტერის" ანგარიშებიც გააუქმა, სხვა სოციალურ პლატფორმაზე კი, მასთან კონტაქტი შეზღუდულია. კითხვაზე - რა მიზნით გაჰქონდა მედიკოსს სააკაშვილის ბიოლოგიური მასალა "ვივამედიდან" - ზაჩინსკის თანამშრომლები არ პასუხობენ. კლინიკის ადმინისტრაცია ირწმუნება, რომ მედიკოსი სამედიცინო დაწესებულებაში აღარ მუშაობს.

"ვივამედის" კლინიკური დირექტორისთვის გაუგებარია, რა მიზნით სცადა პოლონელმა ექიმმა ნიმუშების ფარულად გატანა, მაშინ როდესაც მათ კვლევის ჩატარების უფლება ოფიციალურად ჰქონდათ. ზურაბ ჩხაიძის თქმით, კლინიკის მედპერსონალი მათთან ერთად, მთელი დღის განმავლობაში არ იყო და აღმოჩნდა რომ პოლონელმა მედიკოსებმა ბიოლოგიური მასალა, ჯერ პროტოკოლის დარღვევით ფარულად აიღეს, ოფიციალური ნებართვა კი შემდეგ ითხოვეს. ქართველ კოლეგებთან ერთად, ანალიზების მეორედ აღების შემდეგ კი, გაირკვა რომ არტურ ზაჩინსკი 501-ე პალატიდან წინდით, სააკაშვილის თმისა და ფრჩხილის ნიმუშების გატანას ცდილობდა.

მსჯავრდადებული სააკაშვილის დედა ირწმუნება, რომ ყოფილ პრეზიდენტს, მისი ბიოლოგიური მასალის ფარულად გატანის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა. გიული ალასანია იმასაც ამტკიცებს, რომ პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ კადრებში, მიხეილ სააკაშვილის თმისა და ფრჩხილის ნიმუშები არსად ჩანს. ექსპრეზიდენტის დედა, პოლონელი ექიმის განმარტებას ელოდება.

კლინიკა "ვივამედში" მომხდარ ინციდენტს, დღეს, კიდევ ერთხელ გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი. რატი ბრეგაძემ, განცხადება ჯერ სოციალური ქსელში გამოაქვეყნა, შემდეგ კი, მედიასთანაც თქვა რომ პოლონელმა მედიკოსმა თავად აღიარა, რომ ბიოლოგიური მასალის არალეგალურად გატანას ცდილობდა.

არტურ ზაჩინსკის ფარულ მოქმედებასთან დაკავშირებით, სააკაშვილის პარტიაში კომენტარს არ აკეთებენ. მმართველი გუნდი კი, მის გადაწყვეტილებაში დანაშაულის ნიშნებს ხედავს. საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ 501 პალატიდან გამოსული ნეიროქირურგი, პაციენტთან დასამშვიდობებლად საგანგებოდ შებრუნდა, რომ ნიმუშები მალულად აეღო.

კლინიკა "ვივამედში" 12 აპრილს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, პოლონელ მედიკოსთა ჯგუფს ოფიციალური განმარტება ჯერ არ გაუკეთებია. სააკაშვილის ბიოლოგიური მასალა, რომლის გატანასაც პოლონელი მედიკოსი წინდის საშუალებით ცდილობდა, პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებმა ექიმს ჩამოართვეს და დალუქეს.

 

ავტორი: ანუკა ბუავა

დღის ამბები