23 დეკემბერი 2024,   05:18
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობა" საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

პარლამენტის თავმჯდომარის მიერ დეზინფორმაციულ კამპანიაზე გაკეთებულ განცხადებებს შეფასებები მოჰყვა ოპოზიციაში. საუბარია შალვა პაპუაშვილის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც ის 9 ყალბ ფაქტზე საუბრობს, რომელიც შოვში მომხდარი სტიქიური უბედურების შემდეგ გავრცელდა.

პარტიებში აცხადებენ, რომ ხელისუფლება ყურადღების გადატანას სხვა საკითხებზე ცდილობს. "ნაციონალური მოძრაობა" საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.

პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" თავმჯდომარე, თინათინ ბოკუჩავა აცხადებს, რომ საგამოძიებო კომისია, რომლის შექმნასაც ითხოვენ, მიზნად ისახავდა, დადგინდეს შესაძლებელი იყო თუ არა სტიქიური უბედურების თავიდან აცილება და რამდენად ადეკვატური იყო რეაგირება.

"პაპუაშვილის არითმეტიკა საერთოდ არ მაინტერესებს. მე-11 წელია გვესმის ბრალდება, ბრალდება და ბრალდება. ნაცვლად იმისა, რომ ამ 11 წლის მანძილზე მათ გაეკეთებინათ საქმე. ხოლო, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, შეექმნათ ერთის მხრივ მონიტორინგის სისტემა, რომელსაც შესაძლოა საერთოდ თავიდან აერიდებინა მსხვერპლი და მეორეს მხრივ, მოეხდინათ ეფექტური რეაგირება. საგამოძიებო კომისია, რომელსაც ჩვენ ვითხოვთ, მიზნად ისახავს სწორედ ამ ორი საკითხის შესწავლას," - აცხადებს თინა ბოკუჩავა.

პარტიის ”ლელო საქართველოსთვის” საერთაშორისო მდივანი, გრიგოლ გეგელია ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ თავად არის დეზინფორმაციის წყარო.

"ქართული ოცნება არის დეზინფორმაციის ერთი დიდი ნიაღვარი და ნაკადი თვითონ. ის მუდმივად არის ჩართული ამ ქვეყნის მოსახლეობის მოტყუებაში, ის ძალაუფლებას ინარჩუნებს მხოლოდ ტყუილებით,“ - ამბობს გრიგოლ გეგელია.

დღის ამბები