22 ნოემბერი 2024,   08:28
ვრცლად
შიომღვიმის სამონასტრო კომპლექსთან, კლდიდან ჩამოშლილი მიწის მასის გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება

შიომღვიმის სამონასტრო კომპლექსთან, კლდიდან ჩამოშლილი მიწის მასის გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება. ამ დროისთვის, ტერიტორიის ნახევარზე მეტი გაწმენდილია. სამუშაოები თითქმის მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

გეოლოგების რეკომენდაციით, მოხდება შიომღვიმის მონასტრის მიმდებარედ არსებული ხევის კალაპოტის სრულად გასუფთავება, რათა კალაპოტმა დაუბრკოლებლად გაატაროს მოსალოდნელი შემდგომი ნაკადი. სპეციალისტები ამბობენ, რომ განმეორებითი შემთხვევის შანსი მინიმალურია.

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის, დავით ნოზაძის განცხადებით, სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიის გარკვეულ მონაკვეთზე, გაწმენდითი სამუშაოები დღეს დასრულდება.

მისივე თქმით, არ არის სასურველი ტერიტორიაზე ბევრი ადამიანის გადაადგილება, რადგან ტექნიკა დიდ სამუშაოებს ასრულებს .

"გუშინ, დილიდან იმყოფებოდნენ სპეციალისტები, რომლებმაც შეისწავლეს რა ტექნიკით და როგორი უნდა განხორციელებულიყო სამუშაოები. გუშინვე მოხდა შესაბამისი ტექნიკის მობილიზება, დაიწყო სამუშაოები. ყველა შესაბამისი უწყება როგორც ადგილობრივი, ასევე ცენტრალური ხელისუფლებიდან ჩართული იყო. დღის განმავლობაში უნდა დასრულდეს იმ ტერიტორიისა და ხევის გაწმენდა, რომელზეც გუშინ გაიცა რეკომენდაცია, რომ პირველადი სამუშაოები იყო განსახორციელებელი, ამას დღეს დავასრულებთ. შემდგომი რეკომენდაცია თუ იქნება ან განმეორებითი ნაშალის შემთხვევაში თუ ჩამოვა, ტექნიკა ადგილზე რჩება და დამატებით გაიწმინდება. ხალხის რაოდენობა, ტურისტი იქნება ეს თუ მომლოცველი არ არის სასურველი [გადაადგილდებოდეს], რადგან ტექნიკა დიდ სამუშაოებს ახორციელებს", - განაცხადა დავით ნოზაძემ.

დღის ამბები