26 დეკემბერი 2024,   18:26
ვრცლად
ვენეციის კომისიამ გვითხრა, რომ გარკვეული საკითხები "ოცნების" მხრიდან შესრულებულია, რასაც არც ჩვენ უარვყოფთ - მიხეილ დაუშვილი

ვენეციის კომისია საერთო სასამართლოების კანონში ცვლილებებზე მოსაზრებას აქვეყნებს. ევროპის საბჭოს საკონსულტაციო ორგანო მიესალმება ივნისსა და სექტემბერში მიღებულ ზოგიერთ შესწორებას, მაგრამ აღნიშნავს, რომ რეკომენდაციების ნაწილი ჯერ არ არის გათვალისწინებული.

მათ შორის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არაკეთილსინდისიერების შესახებ მუდმივი ბრალდებების ეფექტურად განხილვა, უფლებამოსილებების, ფუნქციების, გადაწყვეტილების მიღების პროცედურებისა და წევრთა არჩევის წესის გადახედვა. მოსამართლეთა მივლინებასთან და გადაყვანასთან დაკავშირებით იუსტიციის საბჭოს ფართო უფლებამოსილების შეზღუდვა.

რაც შეეხება მოსამართლეთა თანამდებობიდან გათავისუფლების პროცედურის გადახედვას, კომისია მიესალმება ცვლილებებს და მიიჩნევს, რომ ეს რეკომენდაცია შესრულებულია. კომისიის შეფასებით, მხოლოდ ნაწილობრივ შესრულდა მოსამართლის მიერ "პოლიტიკური ნეიტრალიტეტის" პრინციპის დარღვევის გამო დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლების შეზღუდვა.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "საქართველოსთვის" წევრი მიხეილ დაუშვილი აცხადებს, რომ  სახელმწიფოს რეკომენდაციების ნაწილი შესასრულებელი დარჩა. 

"ვენეციის კომისიამ გვითხრა, რომ გარკვეული საკითხები ოცნების მხრიდან შესრულებულია, რასაც არც ჩვენ უარვყოფთ, თუმცა ასევე ძირეული რეკომენდაციები არის და დარჩა შესასრულებელი, რასაც სახელმწიფოს მხრიდან სჭირდება პასუხი," - აცხადებს დაუშვილი. 

დღის ამბები