16 სექტემბერი 2024,   22:51
ვრცლად
კურიერის ექსკლუზივი, ყაჩაღობის კადრები, სადაც საქმის მთავარი ფიგურანტი ჩანს - რამდენი მილიონია წაღებული კრიპტოვალუტის გადამცვლელი ოფისიდან

"კურიერის" მიერ ექსკლუზიურად მოპოვებული კადრები, კრიპტოვალუტის გადამცვლელ ერთ-ერთ ოფისშია გადაღებული. წუთნახევრიან მასალაში 30 ოქტომბერს მომხდარი ყაჩაღობის დეტალები ჩანს.

სათვალთვალო კამერის ჩანაწერებით ირკვევა, რომ 17 საათსა და 36 წუთზე, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე ოფისში რამდენიმე მამაკაცი შევიდა. "კურიერის" ინფორმაციით, მათ შორის იყო ძმები ფეიქრიშვილებიდან ერთ-ერთი - დათო ფეიქრიშვილი. მას თეთრი მაისური ეცვა და ქუდი ეხურა. ექსკლუზიურად მოპოვებულ მასალაში ჩანს, რომ თანმხლებ პირებს მითითებებს, როგორ იმოქმედონ, სწორედ ფეიქრიშვილი აძლევდა. ოთახის კუთხეში ახალგაზრდა მამაკაცი დგას. ის კომპანიის კუთვნილი სერვერების ამოღებას ცდილობს. სწორედ ამ სერვერებით, "კურიერის" ინფორმაციით, მათ რამდენიმე მილიონის წაღება შეძლეს. წაღებულია 900 ათასამდე ამერიკული დოლარიც.

დათო ფეიქრიშვილის და მისი ძმის სახელი არაერთ კრიმინალურ საქმეში ფიგურირებდა. ისინი რამდენჯერმე ნასამართლევებიც არიან. სამართალდამცველებმა ძმები 2016 წელს, იარაღის უკანანო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის დააკავეს; მანამდე კი ტყუპი ფეიქრიშვილები სოსო ჯოხაძის მკვლელობასაც დაუკავშირეს. 2020 წელს ძმების აფეთქება იგეგმებოდა, თუმცა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დანაშაული სისრულეში მოყვანამდე აღკვეთა და 7 პირი დააკავა .

30 ოქტომბერს მომხდარ ყაჩაღობის ფაქტზე, ფეიქრიშვილს ბრალი დაუსწრებლად უკვე წარუდგინეს და მას პოლიცა ეძებს. სათვალთვალო კამერის ჩანაწერებში ჩანს, რომ ჯგუფი, რომელსაც სავარაუდოდ, დათო ფეიქრიშვილი ხელმძღვანელობდა, კარგად მომზადებული იყო. მათ თან ჰქონდათ ყურის რაციებიც და გარე ტერიტორიასაც აკონტროლებდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, ოფისიდან გამოსულებს ქუჩაში ავტომობილებით ელოდებოდნენ.

დათო ფეიქრიშვილის ადვოკატი ბრალდებულის დანაშაულთან კავშირს გამორიცხავს. გიორგი ანთაძე ამბობს, რომ "კურიერის" მიერ მოპოვებული ექსკლუზიური კადრები არ არის საკმარისი მტკიცებულება, რომ ფეიქრიშვილმა დანაშაული ჩაიდინა და ყაჩაღობის მონაწილე იყო.

საპირისპიროს ამტკიცებს სათვალთვალო კამერის ჩანაწერი. მასალის არაერთ მონაკვეთში ჩანს, რომ დათო ფეიქრიშვილს საქამრეში, სავარაუდოდ, სწორედ იარაღი აქვს ჩადებული. ოთახში ამ დროს ოფისის თანამშრომლებთან ერთად, მომხმარებლებიც იმყოფებოდნენ და მათ გადაადგილების უფლება ეზღუდებოდათ.

როგორ მოახერხეს დამნაშავეებმა გაძლიერებული დაცვითი სისტემის მიუხედავად ოფისში შეღწევა - დეტალები "კურიერთან" დღეს "ტონვექსის" იურისტმა მოყვა. მიხეილ მესხის თქმით, მამაკაცები ოფისის თანამშრომლებს კოლეგებად გაეცნენ და კარი მოტყუებით გააღებინეს.

ჭავჭავაძის 37 ნომერში მომხდარი ყაჩაღობის საქმეზე, ამ ეტაპზე, 2 პირია დაკავებული, დათო ფეიქრიშვილს კი ბრალი დაუსწრებლად აქვს წარდგენილი. დაუსწრებლად წარუდგინეს ბრალი კიდევ 4 პირს. საგამოძიებო მოქმედებების შესახებ გენერალურმა პროკურატურაში დღის ბოლოს ოფიციალური განცხადებაც გაკეთდა.

კრიპტოვალუტის გადამცვლელ ოფისში მომხდარ დანაშაულზე გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის მუხლით მიმდინარეობს. ბრალი 8-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

დღის ამბები