15 ნოემბერი 2024,   22:44
ვრცლად
ირაკლი ღარიბაშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ პია კაუმას შეხვდა. მთავრობის მეთაურმა  პია კაუმას ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად არჩევა მიულოცა და დაუდასტურა საქართველოს სურვილი, გააგრძელოს ნაყოფიერი თანამშრომლობა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეასთან.
 
საუბარი შეეხო 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლება განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს გამჭვირვალე, თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას საერთაშორისო სტანდარტებისა და ევროპის საუკეთესო დემოკრატიული პრაქტიკის შესაბამისად.
 
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო მზადაა უზრუნველყოს არჩევნების მონიტორინგი სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციისა და ინსტიტუტის, მათ შორის − ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლების მიერ.

შეხვედრაზე საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ევროკომისიის რეკომენდაციაზე ისაუბრეს.

"პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა აღნიშნული რეკომენდაციის ისტორიულ მნიშვნელობას.
 
განიხილეს რეგიონში არსებული ვითარება. როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველომ უკვე გადადგა ნაბიჯები მეზობლებს შორის კომუნიკაციისა და რეგიონში სტაბილურობის ხელშეწყობის მიმართულებით და კვლავ რჩება ერთგული, წვლილი შეიტანოს სამხრეთ კავკასიაში  მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებაში.
 
შეხვედრაზე საუბარი შეეხო რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას. მთავრობის მეთაურმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა ეუთო-ს რეგიონში კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე დათმობილი ყურადღებისთვის", - აღნიშნულია მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

დღის ამბები