09 ივლისი 2024,   03:59
ვრცლად
საქართველოს ხელოვანები განცხადებით საქპატენტს მიმართავენ

საქართველოს ავტორები საქპატენტს განცხადებით მიმართავენ. განცხადებას 300-მდე ავტორი აწერს ხელს. 

„საზოგადოებისათვის ცნობილია, რომ საქართველოში საავტორო და მომიჯნავე უფლებების მართვის სფეროში რეფორმა ხორციელდება. 2023 წლის 26 ივლისს ძალაში შევიდა საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ კანონში ცვლილება, რომელიც ითვალისწინებს ქონებრივი უფლებების კოლექტიური მართვის საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის (CMO) საქმიანობის საერთაშორისო თანამედროვე სტანდარტებით რეგულირებას, რათა უზრუნველყოფილი იქნას ჰონორარების შეგროვებისა და განაწილების გამჭვირვალე და სამართლიანი პროცესი.

ცვლილებებს წინ უძღოდა ხანგრძლივი პროცესი, მათ შორის მოქმედი ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ ჩატარებული სხვადასხვა კვლევა თუ ანალიზი. ავტორებისთვის განსაკუთრებით მძიმე იყო საქპატენტის დაკვეთით GCA-ში ჩატარებული აუდიტორული შემოწმება, რომლის დასკვნით დადასტურდა, მანამდე ხელოვანთა მხრიდან არაერთხელ საჯაროდ გავრცელებული ვარაუდი, რომ ჰონორარების განაწილება ბუნდოვნად და უსამართლოდ ხდებოდა. დასკვნამ სხვა არაერთ დარღვევასთან ერთად აჩვენა, რომ რიგ შემთხვევებში, კოლექტიური ორგანიზაციები, უფრო სწორად კი ადმინისტრაციული პერსონალის ნაწილი, შეგროვებული ჰონორარებიდან თითქმის ნახევარს, საკუთარი კეთილდღეობისათვის მოიხმარდნენ. ამ გარემოებამ კიდევ ერთხელ ცხადი გახადა ცვლილებების აუცილებლობა.

მნიშვნელოვან მიღწევად უნდა ჩაითვალოს, რომ დღეს მოქმედი კანონით ხელოვანების უფლებების მართვას მხოლოდ ის ორგანიზაციები შეძლებენ, რომლებსაც აკრედიტაცია მიენიჭებათ.

ზემოაღნიშნული რეალობის გათვალისწინებით, საქართველოში მოქმედ ყველა CMO-ში გაწევრიანებული ავტორების საერთო პოზიციაა, რომ ისეთ პატარა ქვეყანაში როგორიც საქართველოა, გაუმართლებელია არსებობდეს რამდენიმე ორგანიზაცია, რომლებიც ცალ-ცალკე, უფლებათა კატეგორიის მიხედვით შეაგროვებენ ავტორების კუთვნილ ჰონორარს, ეს ნიშნავს, რომ რამდენი ასეთი ორგანიზაციაც იქნება, იმდენად მეტი ადმინისტრაციული ხარჯი უნდა გაიღონ ავტორებმა თავისი ჰონორარებიდან, იქნება ეს ადმინისტრაციული პერსონალის ხელფასები, შესაფერისი ტექნიკური აღჭურვის, თუ ინფრასტრუქტურული ხარჯები.

ამიტომაც ქართველი ავტორ-შემსრულებლები შევჯერდით, რომ საჭიროა ერთი, კარგად მართული ორგანიზაცია, რომელიც გააერთიანებს ავტორ-შემსრულებლებს ყველა კოლექტიური მართვის ორგანიზაციიდან.

შესაბამისად, საქართველოში მოქმედი ყველა CMO-დან გაერთიანებული ხელოვანები მივიჩნევთ, რომ აუცილებელია ერთიანი, ახალი პლატფორმის შექმნა, ამ ფონზე ლოგიკურია საერთო მმართველობაში მოექცეს ის ორგანიზაციები, რომლებსაც წარმოვადგენთ. ყველა ეს ორგანიზაცია სხვადასხვა დროს ავტორებმა დავაფუძნეთ და მატერიალური თუ არამატერიალური ქონება სწორედ ავტორთა უფლებების მართვიდან მიღებული შემოსავლებითაა შეძენილი. გასათვალისწინებელია, რომ აკრედიტაციის მისაღებად, ავტორ-შემსრულებელთა გაერთიანების გარდა, მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს შესაბამისი მატერიალურ ტექნიკური თუ სხვა ინფრასტრუქტურის არსებობა. აქედან გამომდინარე, როგორც აკრედიტაციისათვის საჭირო მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, ასევე შემდგომში უფლებების სამართავად გამოვიყენებთ ყველა ორგანიზაციის მფლობელობაში არსებულ როგორც მატერიალურ, ისე არამატერიალურ ქონებას.

მიუხედავად ამ პოზიციისა, GCA-ის მოქმედი ხელმძღვანელი გიგა კობალაძე ვერ იაზრებს არსებულ რეალობას და უკანასკნელი 4 თვის მანძილზე უკვე მერამდენედ, უშედეგოდ ცდილობს ორგანიზაციის თავმჯდომარედ არჩევას, რათა კვლავ გააგრძელოს 12 წლის წინ ამ სფეროში დაწყებული განუკითხაობა.

უპირველესად, საზოგადოებას, ასევე ყველა დაინტერესებულ მხარეს გვინდა ვაცნობოთ, ამ ეტაპზე ავტორებსა და GERA-ს მოქმედ ხელმძღვანელებთან მიღწეულია შეთანხმება. ორგანიზაცია სამართავად გადაეცემა CMO-ში გაერთიანებულ ხელოვანებს, რათა ახალ პლატფორმას ჰქონდეს შესაფერისი სამართლებრივი და მატერიალური ბაზა. ავტორ-შემსრულებელთა გადაწყვეტილებით, განახლდება ორგანიზაციის გამგეობის, ავტორთა საბჭოსა და სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობები, სადაც გაერთიანდებიან ის ავტორები, რომლებიც დღეის მდგომარეობით წარმოადგენენ საქართველოში მოქმედ ყველა CMO-ს.

ავტორ-შემსრულებელთა მოწვევით, ორგანიზაციის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების დირექტორად დაინიშნება გამოცდილი გერმანელი პროფესიონალი, „უნივერსალ მობაილის“ დამფუძნებელი, შტეფან შულცი. ამავდროულად, აკრედიტაციის პროცესში არსებული გამოწვევებისა და მიმდინარე ადმინისტრაციული საკითხების შეუფერხებლად წარმართვისათვის, ავტორების თხოვნით გამგეობის თავმჯდომარის პოზიციას დაიკავებს მოქმედი გენერალური დირექტორი, რომელიც ამ პოზიციაზე დარჩება სულ ცოტა შემდეგი საერთო კრების გამართვამდე, როგორც ამას საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს.

აქვე აღვნიშნავთ, რომ გაერთიანებული ახალი პლატფორმის შექმნა არ არის მიმართული მხოლოდ აკრედიტაციის მისაღებად, არამედ ეს არის სახელოვნებო დარგის განვითარებაზე ორიენტირებული ორგანიზაცია. მის საბოლოო მიზანს წარმოადგენს სახელოვნებო დარგის განვითარების პარალელურად, ქვეყანაში ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვის გაუმჯობესება“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

(R)

დღის ამბები