"ნაციონალური მოძრაობის" რიტორიკა და გაბოროტებული ადამიანის განცხადება - ასე აფასებს მმართველი გუნდი სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუს. პრეზიდენტმა ფრანგულ გამოცემა "ლემონდთან" ბიძინა ივანიშვილზე ისაუბრა. ამ ინტერვიუში ზურაბიშვილმა ივანიშვილი პირველად მოიხსენია ოლიგარქად. "დღეს ქართულ პოლიტიკაში, ივანიშვილის გარდა, სხვა ოლიგარქი არ არის" - აცხადებს პრეზიდენტი, რომელსაც ამ შეფასებისთვის "ქართული ოცნება" მწვავედ აკრიტიკებს.
სალომე ზურაბიშვილს არ ეთანხმება არც ოპოზიციის ნაწილი, ნაწილი კი პრეზიდენტის განცხადება იწონებს.
"ამის აღიარება ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური განაცხადი იყო პრეზიდენტი ზურაბიშვილის მხრიდან, რაც ვთვლი, რომ მნიშვნელოვანია ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების ამ კონკრეტულ ეტაპზე, როდესაც საქართველოს მოქალაქემ უნდა გააკეთოს არჩევანი. იმედი გვაქვს შეწყალების გამოყენების ბერკეტს, რომლის გამოყენების დისკრეციული უფლება მას გააჩნია პირადად, ამ ბერკეტს ასევე გამოიყენებს პოლიტპატიმარი პრეზიდენტი სააკაშვილის შემთხვევაში," - აცხადებს პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფი" წევრი და პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ თუ სალომე ზურაბიშვილის შემდეგი ნაბიჯი მიხეილ სააკაშვილის შეწყალება იქნება, შესაძლოა პრეზიდენტის მიმართ კითხვები ბევრად ნაკლები ექნება.
"ეს არის კონენსუსი ჩვენს დასავლელ პარტნიორებში და ვფიქრობ, რომ ამ კონსენსუსურმა დამოკიდებულებამ პრეზიდენტსაც გადაადგმევინა ეს ნაბიჯი, რაც კარგია. დავაკვირდეთ, მთავარი განმსაზღვრელი იქნება თუ შემდეგ ნაბიჯს სალომე ზურაბიშვილი გადადგამს, რომ მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს, მაშინ შეიძლება ჩემში კითხვები გაციელბით უფრო ნაკლები იყოს. დანარჩენი ჯერჯერობით განცხადებებთან გვაქვს საქმე და არა ქმედებასთან," - აცხადებს გიორგი ვაშაძე.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”მოქალაქეები” თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილის თქმით კი, რაც უფრო მეტი ადამიანი ისაუბრებს ოლიგარქობის თემასთან დაკავშირებით, მით უკეთესი იქნება.
"ამაზე, რაც მეტი ხალხი ილაპარაკებს და მათ შორის პრეზიდენტიც რომ ალაპარაკდა ეს არის ძალიან კარგი და სწორი. არჩევნები მოდის და ა.შ. და ალბათ მაგიტომ. ზურაბიშვილი გააქტიურდა ბოლო დროს და არის ძალიან გამოხატული პოზიციის მქონე, ახლა უკვე ბიძინა ივანიშვილსაც აკრიტიკებს," - აცხადებს ალეკო ელისაშვილი.