05 ოქტომბერი 2024,   01:26
ვრცლად
ავტორ-შემსრულებელთა ერთი საერთო პლატფორმის ჩამოყალიბებას 400-მდე ხელოვანი ეთანხმება - ახალი საავტორო უფლებების ასოციაცია IPOA, 3 ორგანიზაციის წევრებს აერთიანებს

დოკუმენტი 400-მდე ხელოვანის ხელმოწერით უკვე საქპატენტშია. ახლა, ახალი საავტორო უფლებების ასოციაცია - IPOA, რომელიც აქამდე არსებული 3 ორგანიზაციის წევრებს აერთიანებს, აკრედიტაციის მინიჭებას სწორედ ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრიდან ელოდება. IPOA-ში ამბობენ, რომ ახალდაფუძნებული ასოციაცია ავტორ-შემსრულებლებისა და კულტურის სფეროში ყველას უფლებებს დაიცავს, უზრუნველყოფს გამჭვირვალობასა და სფეროში არსებულ პრობლემებს აღმოფხვრის.

ავტორ-შემსრულებელთა ერთი საერთო პლატფორმის ჩამოყალიბების იდეა რამდენიმე დღის წინ, კულტურის სფეროს წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ გაჩნდა, სადაც სხვადასხვა საავტორო ასოციაციათა მუშაობის პრინციპების შესწავლის შედეგები წარმოადგინეს. ხელოვანები ამბობენ, რომ ერთობლივად, ერთი პლატფორმიდან საკუთარ უფლებებს უკეთესად დაიცავენ.

IPOA-ს საქართველოში გერმანელი ხელმძღვანელი ეყოლება, შტეფან შულცი, რომლის მიზანია ახალი ასოციაცია საერთაშორისო სტანდარტებს მოერგოს და სრულად უზრუნველყოს ხელოვანთა უფლებების დაცვა.

ორგანიზაციას, რომელიც სამომავლოდ ავტორ-შემსრულებლებისა და ხელოვანების უფლებებს დაიცავს, აკრედიტაცია საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულმა ცენტრმა უნდა მიანიჭოს. საქპატენტმა კონკურსი 26 სექტემბერს გამოაცხადა, განაცხადის შესატანად კი ვადა ასოციაციებს 26 ნოემბრამდე აქვთ.

 

დღის ამბები