ფეხქვეშ მიწა გამოეცალათ იმის შემდეგ, რაც ფაქტიურად მივიღეთ კანდიდატის სტატუსი და 15 დეკემბერს ეს ყველაფერი დამტკიცდება ევროსაბჭოს მიერ, საერთოდ თემის გარეშე რჩებიან, ახალი მაცოცხლებელი ძალა სჭირდებათ და მიადგნენ ძველ თემას, გააცოცხლეს და წინ წამოწიეს ისევ ბარიერი. ერთი, სამი, ექვსი თვის წინ რატომ არავის ახსოვდა ბარიერი? - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილემ, გია ცაგარეიშვილმა განაცხადა.
გია ცაგარეიშვილმა საზოგადოებას შეახსენა ოპოზიციის ლიდერების გამონათქვამები საარჩევნო ბარიერთან დაკავშირებით, რომლებიც, მისი თქმით, ერთხმად ამბობენ, რომ მათთვის ბარიერი პრობლემა არ არის.
"ალეკო ელისაშვილი: „ვეცდებით, 5%-იანი ბარიერი არ იყოს ჩვენთვის პრობლემა“;
იაგო ხვიჩია: „წელიწადნახევარია წინ და ამაში არაფერი ტრაგედია არ არის. ჩვენ უნდა მოვემზადოთ იმისთვის, რომ 5%-იანი ბარიერი გადავლახოთ“;
ირაკლი კუპრაძე: „ჩვენ ბარიერის პრობლემა არ გაგვაჩნია“;
ანა ბუჩუკური: „პარტიას, რომელსაც არ აქვს ამბიცია, რომ 5%-იან ბარიერს გადალახავს, რა უნდა მას პარლამენტში“?;
თინათინ ბოკუჩავა: „ნაცმოძრაობისთვის“ არ აქვს მნიშვნელობა, 2%-იანი ბარიერი იქნება თუ 5%-იანი ბარიერი“;
ანა დოლიძე: „ჩვენთვის 5%-იანი ბარიერი პრობლემა არ არის“;
ბადრი ჯაფარიძე: „ლელოს ამოცანა არ არის ბარიერის გადალახვა“;
ლევან ხაბეიშვილი: „ბარიერის თემა „ნაციონალურ მოძრაობას“ არ ეხება“;
სერგო ჩიხლაძე: „5%-იან ბარიერს შევეცდებით, რომ ყველა ვარიანტში გადავლახოთ“;
მიხეილ დაუშვილი: „იმ პარტიებს, რომლებსაც ბარიერის გადალახვა უჭირთ, უნდა გაძლიერდნენ"; დავით უსუფაშვილი: „ჩვენთვის ეს საკითხი არ არის პრინციპული, ჩვენ ვემზადებით არსებული 5%-იანი ბარიერის პირობებში გამარჯვების მისაღწევად და ა.შ. მე
ჩამოვთვალე ყველა ე.წ. მსხვილი მოთამაშე ჩვენ პოლიტიკურ ველზე, ეს ადამიანები ერთხმად ამბობენ, რომ მათთვის ბარიერი პრობლემა არ არის, მაშინ ჩვენ რაზე ვსაუბრობთ? ადამიანები ერთს ამბობენ, შემდეგ კულუარებში მეორეს წუწუნებენ, სტუდიებში მესამეს ამბობენ და ა.შ. მათ ლოგიკას ადამიანი ვერ გაყვება ვერანაირად," - განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.
მისივე თქმით, ცინიზმის უმაღლესი მწვერვალია, როდესაც "ნაციონალური მოძრაობა" - პარტია, რომელმაც არჩევნების გაყალბების მწვერვალები დაიპყრო, თუ რამე არსებობდა, სამართლიან და დემოკრატიულ არჩევნებზე საუბრობს.
"ეს პერიოდი ჩვენ უკან მოვიტოვეთ. არჩევნები, რომელიც "ქართული ოცნების" დროს ჩატარდა, გამოირჩეოდა იმით, რომ ის იყო თავისუფალი, გამჭვირვალე და სამართლიანი. ყველა ამოსავალი პრინციპი, რაც სამართლიან არჩევნებს ახასიათებს, დაცული იყო. ამ გზაზე მივდივართ და მივაღწიეთ ახალ სიმაღლეს, ეს არის ელექტრონული წესით არჩევნების ჩატარება. რაც შეეხება ბარიერს და ზოგადად საარჩევნო თემას, ადამიანებს სჭირთ უთემობა, ფეხქვეშ მიწა გამოეცალათ იმის შემდეგ, რაც კანდიდატის სტატუსის მივიღეთ ფაქტიურად და 15 დეკემბერს ეს ყველაფერი დამტკიცდება ევროსაბჭოს მიერ, საერთოდ თემის გარეშე რჩებიან, სჭირდებათ ახალი მაცოცხლებელი ძალა და მიადგნენ ძველ თემას, გააცოცხლეს და წინ წამოწიეს ისევ ბარიერი. ერთი, სამი, ექვსი თვის წინ რატომ არავის ახსოვდა ბარიერი? იცით რისი მოლოდინი ქონდათ? მოიტანდნენ ტრიბუნას პარლამენტის წინ, ამხედრდებოდნენ ამ ტრიბუნაზე, შექმნიდნენ დროებით გარდამავალ მთავრობას, დაამხობდნენ ხელისუფლებას, მოლოტოვის კოქტეილს ესროდნენ პოლიციელს, აიღებდნენ შტურმით საქართველოს პარლამენტს, მოაწყობდნენ ამ ქვეყანაში სისხლიან ბალაგანს, თუ ჩვენ არ მივიღებდით კანდიდატის სტატუსს.
ეს გეგმა იწერებოდა, ეს ხომ ყველამ ძალიან კარგად იცის, მაგრამ არშემდგარ რევოლუციონერებს კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ, დარჩნენ პირში ჩალაგამოვლებული და რაზე ვიზრუნო, ჩალა მივაწოდო კიდევ? შემიძლია დიდი რაოდენობით, მოიპოვება საქართველოში მათთვის ჩალა, - განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.