23 ივლისი 2024,   07:32
ვრცლად
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან აქციაზე დაკავებული 11 პირი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან გამართულ აქციაზე დაკავებული 11 პირი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. დაკავებულების ადვოკატის, ეკა ქობესაშვილის განცხადებით, მოსამართლემ დააკმაყოფილა დაცვის მხარის მოთხოვნა და სასამართლო პროცესი გადაიდო.

ადვოკატის განცხადებით, აქციის მონაწილეების დაკავება იყო უკანონო და ისინი არ გასცდენიან სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების საზღვრებს.

„რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ვარლამ გოლეთიანის თქმით, მათი დაკავება დაშინების მცდელობა იყო და არ აპირებენ აქციების შეწყვეტას იქამდე, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

„გუშინდელი დღე ნათელი დადასტურებაა იმისი, როცა ხელისუფლებას, სამინისტროს, პოლიციას, ყველას ერთად, არგუმენტი არ აქვს, როგორ მოქმედებს - პოლიციას ფარად იფარებს უსამართლობის დასაცავად. ნახეთ, რამდენად აგრესიულები იყვნენ. მე პირადად და სხვებსაც ბრალში გვიწერია, თითქოს ჩვენ ვაგინებდით პოლიციას, პროცესი შებრუნებულია - პირიქით ხდებოდა ეს ყველაფერი. ვნახეთ დაკავების მომენტი, რამდენად აგრესიული იყო: მანქანაში ჩატენვა და ყველა კომპონენტი. ესეც ვფიქრობთ დაშინების მეთოდი და მცდელობაა, რომ მიმდინარე პროტესტი განეიტრალდეს.

მიმდინარე პროტესტი ჩვეულებრივ გაგრძელდება, დავბრუნდებით ჩვენ პროტესტის ადგილზე. ერთი სათხოვარი მაქვს საზოგადოებისთვის - იქნებ, მოვახერხოთ გაერთიანება იმდენად, რომ ეს სამართლიანი ბრძოლა და პროტესტი ბოლომდე მივიყვანოთ. ხელისუფლებას არ ჰქონდეს შესაძლებლობა, იმ მაგალითის სახით, რაც გუშინ და დღეს ხდება, რომ ჩაახშოს პოლიციური მიდგომით სამართლიანი პროცესი, აბსოლუტურად დაუსაბუთებლად. ჩვენი კანონიერი უფლებაა, რომ კარავი დავდგათ, კანონში პირდაპირ წერია, ამის აკრძალვის უფლება არავის აქვს, არათუ კარვის დადგმაზე, ზოგადად მოთხოვნაზე ვისაუბროთ“, - განაცხადა გოლეთიანმა მედიასთან.

ცხრა პირის სასამართლო პროცესი მტკიცებულებებისა და მოწმეების გამოკვლევით 29 ნოემბერს გაგრძელდება, ხოლო კიდევ სამი პირის სასამართლო 30 ნოემბერს ჩაინიშნა. სასამართლომ შსს-ს ვიდეომტკიცებულებების წარდგენა დაავალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 8 ნოემბერს, არაერთი მოწოდების მიუხედავად, რომ დამორჩილებოდნენ კანონიერ მოთხოვნას, არ გასცდენოდნენ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, აქციის მონაწილეებმა არ გაითვალისწინეს, დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი, რა დროსაც სამართალდამცველებმა 11 პირი დააკავეს.

აქციას განცხადებით გამოეხმაურა გარემოს დავისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. უწყების ინფორმაციით, ტყუილია, თითქოს რაჭაში ტყე გაიყიდა. რაც შეეხება ლიცენზიის საკითხს, ლიცენზია გულისხმობდა სამონადირეო მეურნეობის მოწყობას ხუთ მილიონ ლარზე მეტის ინვესტიციით. უწყებაში განმარტავენ, რომ, პირობების შეუსრულებლობის გამო, დაწყებულია სამონადირეო ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების პროცესი.

დღის ამბები