05 ნოემბერი 2024,   04:47
ვრცლად
ნათია თურნავამ სინგაპურის ფინტექ ფესტივალის მონაწილეებს საქართველოს ფინანსური ტექნოლოგიების მიღწევები გააცნო

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ მსოფლიოს ყველაზე მასშტაბურ - სინგაპურის ფინტექ ფესტივალში მიიღო მონაწილეობა და დამსწრე საზოგადოებას საქართველოს ფინანსური ტექნოლოგიების ინდუსტრიის მიღწევები გააცნო.

საქართველოს ეროვნული ბანკი წელს პირველად მონაწილეობდა სინგაპურის ფინტექ ფესტივალზე და საკუთარი საგამოფენო სივრცე ჰქონდა, სადაც, სებ-თან ერთად, თანამონაწილის სტატუსით, "საქართველოს ბანკი" და ქართული ფინტექ სტარტაპი "ფეივი" იყვნენ წარდგენილნი.

საქართველო ფესტივალზე მთავარი გზავნილით - "ფინანსური ტექნოლოგიები და შუა დერეფნის განვითარების იმპულსი" წარსდგა.

ნათია თურნავას თქმით, საქართველოს აქვს ყველა წინაპირობა, რომ განვითარდეს, როგორც ფინტექის რეგიონული ჰაბი შუა დერეფანში. 

"თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის შემდეგ, საქართველოში ფინტექის ინდუსტრიის განვითარების შესახებ საუბრის საშუალება ამჯერად გლობალური მასშტაბით, სინგაპურის ფინტექ ფესტივალზე მოგვეცა, სადაც ჩვენი გეგმები მსოფლიოს უმსხვილეს ფინტექ კომპანიებს, ინვესტორებსა და ვენჩურულ ფონდებს გავაცანით. საქართველო უკვე არის ლოგისტიკის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, კომუნიკაციების, ტურიზმის ჰაბი და გვაქვს ამბიცია, გავხდეთ ფინტექის ჰაბი - ამისთვის ყველა წინაპირობა არსებობს. შემდეგი ნაბიჯი სწორედ ქვეყანაში ფინტექ ინდუსტრიის განვითარება და ამ სფეროთი დაინტერესებული გლობალური ინვესტორებისთვის საუკეთესო პირობების შეთავაზება იქნება", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა სინგაპურის ფინტექ ფესტივალის ფარგლებში შეკრებილ საზოგადოებას ასევე გააცნო ის ნაბიჯები, რაც სებ-მა ფინტექისა და ამ ინდუსტრიით დაინტერესებული ინვესტორებისთვის უკვე გადადგა. მისი თქმით, პირველ რიგში, ეს არის გამჭვირვალე და მოქნილი რეგულაციები ფინტექ კომპანიებისთვის, რაც მათ ბიუროკრატიულ პროცედურებს თავიდან არიდებს და უსაფრთხო და სტაბილურ გარემოში განვითარების საშუალებას მისცემს.

სინგაპურის ფინტექ ფესტივალი ყოველწლიურად იმართება და მსოფლიოში ყველაზე დიდი ფინტექ გამოფენაა, რომელიც ქვეყნის უმსხვილეს საკონფერენციო და საგამოფენო სივრცეში Singapore EXPO-ში გაიმართა. ფესტივალში წელს მსოფლიოს 140 ქვეყანა, 60 ათასზე მეტი მონაწილე და 10 000-ზე მეტი ორგანიზაცია მონაწილეობდა. ფესტივალის მთავარ სპიკერებს შორის იყვნენ მსოფლიო ბანკის პრეზიდენტი აჯეი ბანგა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორი კრისტალინა გეორგიევა, რომელმაც ციფრული ვალუტის მომავალზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღეს მსოფლიოში ქვეყნების დაახლოებით 60% ციფრული ვალუტის შექმნაზე მუშაობს.

დღის ამბები