მიხეილ სააკაშვილმა, სალომე ზურაბიშვილს შეწყალების საჯარო მოთხოვნა გაუგზავნა. საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მიმდინარე პროცესი, მიხეილ სააკაშვილმა დღეს პოლიტიკური განცხადებებისთვის გამოიყენა. 15 წუთიან მიმართვაში, ყოფილმა - მოქმედ პრეზიდენტს უთხრა, რომ გალიიდან წინასაარჩევნო კამპანიის მართვა შეუძლებელია და მან შეწყალების ბერკეტი უნდა გამოიყენოს.
სააკაშვილის მიმართვას შეწყალებაზე მალევე გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი. რატი ბრეგაძე ამბობს, რომ მსჯავრდებული, რომელიც დანაშაულს არ აღიარებს, შეწყალებას არ უნდა დაექვემდებაროს, უწყების ხელმძღვანელმა დღეს ყოფილ პრეზიდენტს შეახსენა ისიც, რომ მას პოლიტიკურ პროცესებში ჩართვის სამართლებრივი უფლება არ აქვს. ზურაბიშვილის მხრიდან სააკაშვილის შეწყალება რომ დაუშვებელია ამაზე დღეს ვიცე-პრემიერმა და იუსტიციის ყოფილმა მინისტრმაც ისაუბრა და თქვა, რომ ექსპრეზიდენტმა კანონიერი სასჯელი ბოლომდე უნდა მოიხადოს.
თუ სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს, მმართველი გუნდის შეფასებით, ისიც ექსპრეზიდენტის მიერ ჩადენილი დანაშაულების თანაზიარი გახდება. "ქართული ოცნების" ამ პოზიციას არ იზიარებენ სააკაშვილის პარტიაში, სადაც პრეზიდენტს პოლიტიკური გამბედაობის გამოჩენისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდეს.
სასამართლო პროცესი მიხეილ სააკაშვილმა შიდაპარტიულ პრობლემებსა და გეგმებზე სასაუბროდაც გამოიყენა. დაასახელა 23 ნოემბერი, რომელიც პარტიისთვის გარდამტეხი იქნება, სწორედ ამ დღეს, ხელმოწერებით უნდა გადაწყდეს, ვინ რჩება და ვინ მიდის "ნაციონალური მოძრაობიდან". ექსპრეზიდენტმა აქცენტი პოლიტიკური საბჭოდან ნაადრევად გარიყული ადამიანების უკან დაბრუნებაზეც გააკეთა და თქვა, რომ თავად იქნება პასუხისმგებელი ჩაგრულების უფლებების აღდგენაზე. გარიყულებში საკუთარი თავი ამოიკითხეს ნიკა მელიას გუნდში, ისევე, როგორც ხაბეიშვილის ულტიმატუმში, რომელიც მის წინამორბედს თვის ბოლოს პარტიიდან ოფიციალურად გარიცხვით ემუქრება.
"ნაციონალური მოძრაობის" წარმატების ფორმულა, "ქართული ოცნების" ლიდერების შეფასებით, ვერც მანიფესტი იქნება, რადგან შიდა დაპირისპირებებმა და ჩრდილოვანმა მმართველობამ, როგორც თავად ამბობენ, "ნაციონალური მოძრაობის" პარტიული რეიტინგი მინიმუმამდე დაიყვანა.
დღეს მიხეილ სააკაშვილი ორ სასამართლო პროცესს დაესწრო, სადაც 7 ნოემბრის და საბიუჯეტო თანხის გაფლანგვის საქმეები განიხილებოდა. მსჯავრდებულმა დღეს ისიც თქვა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია. სწორედ ამის დამადასტურებელ დოკუმენტებს და შესაბამის რეკომენდაციას ელოდება იუსტიციის მინისტრიც იმისთვის, რომ სააკაშვილი "ვივამედის" კლინიკიდან ისევ პენიტენციურ დაწესებულებაში დააბრუნონ.