"ნაციონალურ მოძრაობაში" დაპირისპირება გრძელდება - ამჯერად მიზეზი მიხეილ სააკაშვილის მანიფესტია, რომელიც პარტიამ 23 ნოემბერს უნდა მიიღოს. "კურიერთან" ინტერვიუში, ნიკა მელია აცხადებს, რომ ისინი არ აპირებენ დოკუმენტს ხელი მოაწერონ, რადგან მისი შინაარსიც კი არ გააცნეს.
"ნაციონალურ მოძრაობაში" კი ამბობენ, რომ ის პირები, ვინც მანიფესტზე ხელმოწერაზე უარს იტყვის, ავტომატურად პარტიის მიღმა დარჩებიან.
"ჩვენ ვმუშაობთ ამ ტექსტზე და ყველას შეუძლია ჩაერთოს ტექსტზე მუშაობაში თუ ეს არის მთავარი პრობლემა. თუ ერთობის მანიფესტზე ხელმოწერის სურვილი არსებობს, დარწმუნებული ვარ, რომ საბაბად ნამდვილად არ გამოდგება ის, რომ პროცესში ჩართვაში გარკვეული სირთულეები არსებობდა და ვინც ამას ხელს არ მოაწერს თავად დაიტოვებს თავს პარტიის მიღმა.
როდესაც პარტია მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას, ამ გადაწყვეტილებას აუცილებლად გავაცნობთ საზოგადოებას. კონტრშეთავაზებების და კონტრდოკუმენტების, კონტრაქციების და კონტრღონისძიებების გაკეთება ვთვლი, რომ ძალიან არასწორია," - აცხადებს პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშია" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა.
პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშია" თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან ბეჟაშვილი აცხადებს, რომ ერთობის მანიფესტი საჯაროდ ცნობილი ხვალ გახდება.
"მანიფესტი გამოქვეყნდება ხვალ, უკვე ცნობილი იქნება საჯაროდ. შესაბამისად, ის ადამიანები, ვინც არ მოაწერენ ხელს ერთიანობის მანიფესტაციას და განაგრძობენ პარტიის წინააღმდეგ განცხადებებს და მოქმედებებს, ავტომატურად ტოვებენ თავის თავს პარტიის მიღმა, ამიტომ, ეს პროცესი ასე უნდა შევაფასოთ. არანაირი წინასწარი დოკუმენტის გამოცემა, ვინმეს გარიცხვის ან პარტიაში დატოვების თაობაზე - ამის მიღების განზრახვა არ არსებობს," - აცხადებს ლევან ბეჟაშვილი.