16 ივლისი 2024,   16:57
ვრცლად
ხაზგასმით ითქვა, რომ 5%-იანი ბარიერი დარჩება თუ არ დარჩება, ეს ქვეყნის გადასაწყვეტია - მამუკა მდინარაძე ჰერჩინსკის განცხადებაზე

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, "ევროკავშირის ელჩმა ზეპროფესიულ დონეზე ახსნა პლურალიზმსა და სტაბილურობას შორის ბალანსი და ამ ბალანსის საჭიროება ყველა ქვეყანაში".

მდინარაძის განმარტებით, ხაზგასმით ითქვა, რომ 5%-იანი ბარიერი დარჩება თუ არ დარჩება, ეს ქვეყნის გადასაწყვეტია.

"ევროკავშირის ელჩმა ზეპროფესიულ დონეზე ახსნა პლურალიზმსა და სტაბილურობას შორის ბალანსი და ამ ბალანსის საჭიროება ყველა ქვეყანაში, ისიც თქვა, რომ ეს არის საქართველოს გადასაწყვეტი, გამოთქვა იმედი, რომ გონივრულ შედეგებამდე მივა ეს ყველაფერი.

5%-იანი ბარიერი დარჩება თუ არ დარჩება, ეს არის ქვეყნის გადასაწყვეტი, ესეც ითქვა ხაზგასმით. ზოგიერთი ტელევიზია აცხადებს და აჰყვა ამას ზოგიერთი ჩვენი ოპონენტი რადიკალური ოპოზიციიდან, რომ მან მოითხოვა ბარიერის დაწევა და ისიც კი გაიგეს, რომ როდესაც ჰერჩინსკიმ თქვა, ზედმეტი მრავალფეროვნება გარკვეულ შემთხვევაში არის ცუდი ამ ბალანსში, ეს თქვეს, რომ მოითხოვა ზედმეტი მრავალფეროვნება. არ უნდა მოვატყუოთ ასე საზოგადოება. ერთს ამბობს ადამიანი და მეორეს პირდაპირი იტყუებიან, ინტერპრეტირებასაც არ უკეთებენ, პირდაპირ იტყუებიან, რომ რაც არ უთქვამს, ის თქვა.

ძალიან ბევრს უჭირს ლაკონიურად და სწორად გადმოსცეს იურიდიული პრინციპი, კონსტიტუციური სწორად აღქმა იმაზე, როგორ უნდა დაბალანსდეს, როგორ უნდა ვიპოვოთ ოქროს შუალედი პლურალიზმსა და სტაბილურობას შორის. ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობამ ეს გადაწყვიტა 5%-იანი ბარიერით. 3%-იანი და უფრო დაბალი ბარიერი აქვს მხოლოდ ოთხ ქვეყანას, მათ შორის იტალიას, დანიას, ნიდერლანდებს და ა.შ. ამ ქვეყნების გარდა, უმეტეს ქვეყანაში მიიჩნევა, რომ ეს არის 5%-იანი ბარიერი.

ჩვენ მივდივართ ევროკავშირისკენ, ვაღიარებთ უმეტესწილად პრინციპებს და ამ შემთხვევაში კონსტიტუციური პრინციპი, როგორც გადაწყვიტეს ევროპის ქვეყნებმა, არის სწორი," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, ევროკავშირის ელჩმა განაცხადა, რომ საარჩევნო ბარიერთან დაკავშირებით ევროკავშირში "ოქროს სტანდარტი" არ არსებობს, რადგან "არის ქვეყნები, სადაც საარჩევნო ბარიერი ძალიან მაღალია, 5% და არის ქვეყნები, სადაც საარჩევნო ბარიერი საერთოდ არ არის".

დღის ამბები