კეზერაშვილმა პირდაპირ მოგვცა აღიარებითი ჩვენება, ხაზარაძე, ჭუტა და ა.შ. - ქართულ პოლიტიკაში ეს ოლიგარქები არიან დღეს ჩართულნი, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, „მთავარი არხის“ კითხვას იმის შესახებ, რომ ოპოზიციას არ მოსწონს დეოლიგარქიზაციის გეგმა და ისინი კონკრეტულ კანონს ითხოვენ, რომელიც მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს შეეხება.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, გამოდის, რომ ოპოზიცია პირდაპირ უპირისპირდება ვენეციის კომისიას, ევროკომისიას, რომელმაც გვითხრა, რომ არ უნდა მიგვეღო კანონი პერსონალიზებული მიდგომის შესაბამისად.
„თუ ეს უნდა ოპოზიციას, დაელაპარაკოს ვენეციის კომისიას და ევროკომისიას. რაც შეეხება ოლიგარქებს ქართულ პოლიტიკაში, ჩვენ ვიცით, კონკრეტული ოლიგარქები ღიად არიან ჩართული ქართულ პოლიტიკაში. ისინი ამას არც მალავენ, კეზერაშვილმა პირდაპირ მოგვცა აღიარებითი ჩვენება, ხაზარაძე, ჭუტა და ა.შ. ქართულ პოლიტიკაში ეს ოლიგარქები არიან დღეს ჩართული. თუ საუბარია მდიდარ ადამიანებზე, ასეთი მდიდარი ადამიანი ბევრია ქვეყანაში, მაგრამ თუ საუბარია მდიდარ ადამიანებზე, რომლებიც საკუთარ ფულს იყენებენ პოლიტიკაზე, მედიაზე გავლენის მოსაპოვებლად, ასეთი თვითგამოცხადებული ადამიანები გვყავს კეზერაშვილი, ხაზარაძე და სხვები.
რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის გავლენას ხელისუფლებაზე, განსხვავებით კეზერაშვილის გავლენისგან ოპოზიციაზე, აქ არავითარი არც ფაქტი არსებობს, არც მტკიცებულება. მიხედეთ კეზერაშვილს, რომელმაც თვითონ აღიარა, რომ არის ოლიგარქი, აფინანსებს მედიას, ენჯეოებს, პარტიებს, ეს არის სწორედ ოლიგარქიული დამოკიდებულება.
ჩვენ გამზადებული გვქონდა კონკრეტული კანონი სწორედ პერსონალიზებული მიდგომის მიხედვით, თუმცა, ჯერ ვენეციის კომისიამ და შემდეგ ევროკომისიამ თქვა, რომ მათ არ მოსწონთ პერსონალიზებული მიდგომა და პირდაპირ მოითხოვეს ამ კანონის არმიღება. ახლა რა უნდა ოპოზიციას, ნამდვილად არ ვიცი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.