21 დეკემბერი 2024,   20:21
ვრცლად
ნიუ-ორკში, სპეცოპერაციის შედეგად, ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდები დააკავეს - "კურიერმა" დამატებითი დეტალები გაარკვია

ევროპის შემდეგ, ქართულმა მაფიამ შეერთებულ შტატებშიც ჩააღწია. ნიუ-ორკში, სპეცოპერაციის შედეგად, გამოვლენილი და დაკავებულია ქართული დანაშაულებრივი სინდიკატის არაერთი წევრი.

დიდი ოდენობით ფულის გამოძალვა და ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნა - ამ ბრალდებით დაკავებულთა შორისაა ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი ვაჟა გაბადაძე, იგივე - "ვაჟა ქუთაისსკი"

ქუთაისში, ვაჟა გაბადაძის მეზობლებს ე.წ. კანონიერი ქურდის დაკავების შესახებ ინფორმაცია არ აქვთ. ადგილობრივები ამბობენ, რომ კრიმინალური "ავტორიტეტი" ქვეყნიდან წლების წინ წავიდა. "კურიერის" ინფორმაციით, 2020 წელს, მას საქართველოს მოქალაქეობაც ჩამოერთვა.

40 წლის გაბადაძეს კრიმინალურ წრეებში ვაჟა "ქუთაისსკის" სახელით იცნობენ. ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ის საერთაშორისო კრიმინალური სინდიკატის ლიდერად არის მოხსენიებული. "კურიერის" ინფორმაციით, გაბადაძეს, სხვადასხვა გვარით, რამდენიმე პასპორტი აქვს, თუმცა უცნობია, რომელი მონაცემებით მოახერხა შეერთებულ შტატებში შესვლა.

დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნისა და დიდი ოდენობით ფულის გამოძალვის ბრალდებით, ე.წ. კანონიერ ქურდთან ერთად, FBI-მ ვაჟა გაბადაძის გარემოცვის წევრებიც დააკავა. მათ შორის არიან კახა კაცაძე, დავით ტიკარაძე და თეიმურაზ თავბერიძე, რომელიც იუსტიციის დეპარტამენტის მიერ შედგენილ საბრალდებო დასკვნაში „თავას“ მეტსახელით არის დაფიქსირებული.

"კურიერი" ქუთაისში ვაჟა გაბადაძის საცხოვრებელ მისამართზეც იმყოფებოდა. ოჯახის წევრებს ფაქტზე საუბარი არ სურთ და ამბობენ, რომ მასთან კომუნიკაცია, დიდი ხანია, არ ჰქონიათ.

გამოძიების ფედერალური ბიუროს ინფორმაციით, კრიმინალური სინდიკატი, ნიუ-ორკის ტერიტორიაზე, დანაშაულებრივ საქმიანობას 2022 წლის სექტემბრიდან ეწეოდა. "კურიერის" ინფორმაციით, მანამდე ვაჟა გაბადაძე ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრობდა. ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, დაკავებულებს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

დღის ამბები