15 ნოემბერი 2024,   21:57
ვრცლად
ევროკავშირის ელჩის განცხადება - ვინ როგორ გაიგო პაველ ჰერჩინსკის სიტყვები და რატომ არ არის მიზანშეწონილი არჩევნების წინ წესების შეცვლა

ევროკავშირის რეკომენდაცია არა ფუნდამენტური ცვლილებები, არამედ პოლიტიკური სპექტრის საარჩევნო წესებზე დროულად შეთანხმებაა - პაველ ჰერჩინსკის განმარტებით, ამ მიმართულებით, ყველა ქვეყანას არჩევანის თავისუფლება აქვს. ამბობს, რომ ევროკავშირში სტანდარტი არ არსებობს არც ბარიერთან დაკავშირებით, რომელსაც, მისივე თქმით, ორი მხარე აქვს.

პარლამენტის თავმჯდომარე ელჩის განცხადებას გამოეხმაურა და თქვა, რომ გაუგებარია, რატომ ითხოვენ ევროკავშირში მიღებული 5-პროცენტიანი ბარიერის დაწევას პარტიები, რომლებიც საკუთარ რეიტინგში დარწმუნებულები არიან.

ოპოზიციის ნაწილი მაინც ამტკიცებს, რომ ევროპული სტანდარტი არა 5, არამედ 3-პროცენტიანი ბარიერია. პოლიტიკური პარტიებისთვის პაველ ჰერჩინსკის განცხადებაც ვერ აღმოჩნდა არგუმენტი. ევროკავშირის ელჩისგან განსხვავებით, ხელისუფლების ოპონენტები პარტიების ზედმეტ მრავალფეროვნებაში რისკებს ვერ ხედავენ.

ოპოზიცია საერთაშორისო პარტნიორებთან კონსულტაციებისაც აპირებს - ამბობენ, რომ ხელისუფლებას ბარიერის დაწევა მაინც მოუწევს.

ბალანსი პლურალიზმსა და სტაბილურობას შორის - მმართველი გუნდის შეფასებით, ელჩის გზავნილები ადასტურებს, თუ რატომ არის აუცილებელი ქვეყანაში 5-პროცენტიანი ბარიერის შენარჩუნება, რაზეც, მათივე განმარტებით, ოპოზიცია მიზანმიმართულად ცდილობს საზოგადოებას არასწორი ინფორმაცია მიაწოდოს.

2024 წელს პარტიებს 5-პროცენტიანი ბარიერის გადალახვა მოუწევთ, თუმცა არჩევნები, პირველად, სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება.

დღის ამბები