"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა მთავრობის მიერ კონსულტაციების საფუძველზე დამტკიცდება.
კობახიძის განცხადებით, კონსულტაციების მიზანია, განსხვავებული პოზიციები შეჯერდეს.
"დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა კონსულტაციების საფუძველზე, ცოტა ხანში, მთავრობის მიერ დამტკიცდება და, საბოლოო ჯამში, უზრუნველყოფილი იქნება ამ სამოქმედო გეგმის აღსრულებაზე დაკვირვებაც სხვადასხვა სუბიექტის მხრიდან. დანარჩენი აღსრულების საკითხია. გეგმის საბოლოოდ დამტკიცებამდე დარჩენილია რამდენიმე დღე. მთავრობა წარმართავს ამ პროცესს და ალბათ კონსულტაციებიც შედგება. ზოგადად, კონსულტაციები მნიშვნელოვანია. ადამიანებს აქვთ განსხვავებული შეხედულებები. კონსულტაციების მიზანია, განსხვავებული პოზიციები შეჯერდეს. სწორედ ამას ემსახურება, მათ შორის დღევანდელი შეხვედრა, რომელიც იმართება. გაგრძელდება ასეთი კონსულტაციები, მათ შორის - კონკრეტულ თემებთან დაკავშირებით, როგორიც არის, მაგალითად, საარჩევნო საკითხები, სასამართლო საკითხები და ასე შემდეგ. მთავარია, პოზიციების შეჯერება მოხერხდეს. სხვადასხვა მხრიდან, კონსტრუქციული დამოკიდებულება თუ იქნება, ამ შემთხვევაში, დარწმუნებული ვარ, მოხერხდება პოზიციების შეჯერება ბევრ თემასთან დაკავშირებით. ბევრ თემასთან დაკავშირებით არსებობს კონსენსუსის პერსპექტივა. გახსოვთ, 12 პუნქტზე როცა მიმდინარეობდა მუშაობა, ძალიან ბევრი საკითხი იყო, რაც ერთად განვიხილეთ. ძალიან ბევრი რეკომენდაცია გავითვალისწინეთ და, საბოლოო ჯამში, სწორედ ამის ხარჯზე, ევროკომისიამ მოგვცა დადებითი რეკომენდაცია კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. ასეთ რეჟიმში უნდა გაგრძელდეს კონსულტაციები. დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმის პირველადი პროექტი არის მომზადებული. ბოლო ეტაპზეა განხილვები და ამის საფუძველზე დამტკიცდება საბოლოო სახით დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა. რა თქმა უნდა, შორს ვარ იმ აზრისგან, რომ სამოქმედო გეგმა გადაწყვეტს საქართველოში ოლიგარქების პრობლემას. ოლიგარქები არიან დღეს პოლიტიკაში და ალბათ გააგრძელებენ პოლიტიკურ საქმიანობას, თუმცა კონკრეტული ნაბიჯები იქნება გადადგმული ამ სამოქმედო გეგმიდან გამომდინარე," - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
ამასთან, როგორც კობახიძემ განაცხადა, დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმაში პარტიების დაფინანსების საკითხი ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების საფუძველზე აისახა.
"კონკრეტულად პარტიების დაფინანსების თემას რაც შეეხება, ანუ იურიდიული პირებისთვის პარტიების დაფინანსების აკრძალვასა და თანმდევ ცვლილებებს, ეს ყველაფერი არის ეუთო/ოდირის, ვენეციის კომისიის რეკომენდაციები და სწორედ ამის გამო აისახა დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმაში. ოპოზიციის კატეგორიული პოზიცია თუ იქნება, შესაბამის სტრუქტურებს მიმართონ. მათ ეს ცვლილებები თუ არ მოსწონთ, მაშინ საქმე ექნებათ სწორედ ვენეციის კომისიასთან და ეუთო/ოდირთან," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.