18 ოქტომბერი 2024,   07:12
ვრცლად
5%-იანი ბარიერის გადალახვის გზა - გაერთიანდება თუ არა ოპოზიცია 2024 წლის არჩევნებისთვის

5%-იანი ბარიერის გადალახვის გზა "ევრო-ოპტიმისტებისთვის" სხვა პოლიტიკურ პარტიებთან გაერთიანებაზე გადის, თუმცა რომან გოცირიძე ამ ერთობაში "ნაციონალურ მოძრაობას" და გიორგი გახარიას პარტიას ვერ ხედავს. კონკრეტულად ვისთან ითანამშრომლებენ ხატია დეკანოიძე და რომან გოცირიძე 2024 წლისთვის, ჯერ უცნობია, "ევრო-ოპტიმისტების" თავმჯდომარე, მხოლოდ იმას ამბობს, რომ უნდა გაერთიანდნენ როგორც საპარლამენტო, ისე არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები.

"ნაციონალური მოძრაობა" კი, რომელიც არჩევნებში, "სტრატეგია აღმაშენებელთან" ერთად იბრძოლებს, მათთან სხვა პოლიტიკურ ჯგუფებსაც ეპატიჟება. პარტიაში ამბობენ, რომ პატარა პოლიტიკური პარტიები ან მათ პლატფორმას უნდა შეუერთდნენ, ან ცალკე ერთობა ჩამოაყალიბონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, "ნაციონალური მოძრაობა" დარწმუნებულია, რომ მათ გარდა, სხვა ძალა, 5%-იან ბარიერს ვერ გადალახავს.

ერთობის იდეას იზიარებს "გირჩიც", თუმცა, პარტიაში ფიქრობენ, რომ საერთო პლატფორმის ჩამოყალიბებამდე ოპოზიციამ ჯერ სხვადასხვა თემაზე საჯარო დისკუსია უნდა გახსნას. ამის სურვილს კი, "გირჩი" კოლეგებში ვერ ხედავს, სწორედ ამიტომ 2024 წლის არჩევნებში დამოუკიდებელ ბრძოლას აანონსებს. დამოუკიდებლად, ბარიერის გადალახვის ამბიცია აქვს "ლელოსაც", სადაც ამბობენ, რომ არც ერთ პარტიასთან თანამშრომლობას არ განიხილავენ.

ერთადაც და ცალ-ცალკეც - "ქართული ოცნება", ორივე სცენარის შემთხვევაში ოპოზიციის მარცხში დარწმუნებულია. თუმცა, სახელისუფლებო გუნდი ოპონენტებს ერთიანობისკენ მაინც მოუწოდებს. "ქართულ ოცნებაში" ფიქრობენ, რომ ასეთ შემთხვევაში ბარიერის დაწევაზე სპეკულაციები დასრულდება.

2024 წელს, საპარლამენტო არჩევნები 5%-იანი ბარიერით, პირველად სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება.

დღის ამბები