15 ნოემბერი 2024,   22:28
ვრცლად
პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, ვერთიანდებით და ვირაზმებით - ენმ 11 პუნქტიან მანიფესტს აქვეყნებს

"ნაციონალურმა მოძრაობამ" 23 ნოემბრის მანიფესტი გამოაქვეყნა:

 "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ 11 პუნქტი - 23 ნოემბრის მანიფესტი: „რუსი ოლიგარქი ან საქართველო - ტოტალური შეტევა სისტემაზე“

33 წელზე მეტია, ქართველმა ხალხმა საბჭოთა მემკვიდრეობის ჯაჭვების ნაცვლად, თავისუფლების არჩევანი გააკეთა. გაერთიანებულმა და ძლიერმა ქართველმა ხალხმა ერთხმად მოითხოვა უკეთესი მომავალი, ღირსეული ცხოვრება, ნამდვილი თავისუფლება. თავისუფლება, თუნდაც ერთხელ მიღებული, საჭიროებს მუდმივ დაცვას, მოფრთხილებასა და გაფართოებას. თავისუფლება თუ არ იზრდება, მაშინ იკვეცება, რადგან მისთვის არ არსებობს სტატიკური მდგომარეობა.

საქართველოს დამოუკიდებლობის 32 წლიან პერიოდში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 22 წელია არსებობს, რაც მას ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ პოლიტიკურ პარტიად აქცევს. ჩვენ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ქართველ ხალხს 2003-2012 წლებში ხელისუფლების როლში ვემსახურეთ და 2012 წლის შემოდგომიდან, როგორც ოპოზიცია ვემსახურებით - ვართ მათი ხმის გამხმოვანებელი და დემოკრატიის დარაჯი. ფაქტია, რომ ქართულ საზოგადოებას პოლიტიკისა და პოლიტიკოსთა მიმართ დიდი გამოცდილება დაუგროვდა.

ქართველმა ხალხმა იცის რა სურს და ითხოვს ცვლილებებს, როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის მიმართ. როგორც თავისუფლება, ზუსტად ასევე, თავისუფლებისთვის მებრძოლთა გზები ვერ იქნება სტატიკური და ახალ დროებას უნდა შეესაბამებოდეს. დროა, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ძველი ფუნდამენტით ახლებური პოლიტიკა აკეთოს, რომლითაც ჩვენ ხელისუფლებაში მოვედით და რა ღირებულებებითაც ყველა იმ სიკეთისა და პროცესის შექმნა შევძელით, რომლებიც დღემდე ურყევია და აძლიერებს ქართველი ხალხის უკეთესობისკენ სწრაფვას. დროა, ქართული საზოგადოება ისევ გაერთიანდეს უკეთესი მომავლისთვის და ჩვენ გვესმის, რომ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ამ საქმეში საკუთარი უნიკალური როლი აქვს შესასრულებელი.

აღნიშნული დოკუმენტი წარმოადგენს პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მანიფესტს, რომელიც ასახავს პარტიის პრინციპებს, პოლიტიკურ ხედვასა და იდეოლოგიას. მანიფესტი ცხადყოფს თუ რა სურს პარტიას და როგორ წარმოუდგენია ყოველივე ამის მიღწევა. ის წარმოადგენს გარანტიას, ქართველი ხალხისთვის მიცემულ პირობასა და ზოგად პრინციპებს, რომლითაც პარტია ხელმძღვანელობს და იხელმძღვანელებს დასახული ამოცანების შესასრულებლად. მანიფესტი იმავდროულად პარტიის ერთიანობის დეკლარაციაა, რაც უნდა იქცეს თანმიმდევრული და პროგრესული შიდადემოკრატიული პროცესების ხელშემწყობ ინსტრუმენტად.

გამომდინარე იქიდან, რომ ქართველი ერი არის მრავალეთნიკური, ძლიერი რეგიონალური კულტურული ინდივიდუალიზმისა და შინაგანი თავისუფლების მაღალი ხარისხის მქონე ადამიანების ერთობა, ქართველი ხალხი სამართლიანი და არსობრივად ევროპელია, ხოლო ქართული კულტურა და ღირებულებები კი, დიდი ევროპული ოჯახის კულტურის ნაწილია.

ჩვენი ერთობის 11 პუნქტი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარტნიორებთან ერთად ჩაბმულია ქართული სახელმწიფოებრიობის გადარჩენის საქმეში და აყალიბებს სახელმწიფოს, სადაც:

1. „ვარდების რევოლუციის“ იდეოლოგია ეფუძნება ქართველი ხალხის ძალისა და ბრძოლისუნარიანობის უსაზღვრო რწმენას და ევროპული კურსის ურყეობას.

2. თითოეული ადამიანი პატივს სცემს სხვის უფლებებსა და თავისუფლებებს. თავისუფლება ეროვნული სიძლიერის წყაროა. პარტიებიც და ხელისუფლებაც საზოგადოების ინსტრუმენტია თითოეული მოქალაქისთვის კეთილდღეობისა და დაცულობის მისაღწევად და არა პირიქით.

3. სახელმწიფო მუშაობს მთელი ხალხისთვის და არა პრივილეგირებული მცირე ჯგუფისთვის. კორუფცია და ნეპოტიზმი ჩანაცვლდება მერიტოკრატიით. ე.ი. შედეგი მიიღწევა შრომით და ნიჭიერებით. ახალგაზრდებს შეეძლებათ საკუთარი კარიერის განვითარება და წარმატების მიღწევა საკუთარ სამშობლოში და თითოეული ადამიანის პოზიციას, ხმას და ბედს გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება.

4. თანაბარი უფლებები, თანაბარი სამართალი და თანაბარი შესაძლებლობები უნდა ჰქონდეს ყველას, განურჩევლად ეთნიკური წარმოშობის, რასის, სარწმუნოების, ასაკისა და სქესისა.

5. ნებისმიერი ფორმის ოლიგარქია არის ქართული სახელმწიფოს და მოქალაქეთა კეთილდღეობის მტერი. საქართველოში ხელისუფლება მიტაცებულია რუსი ოლიგარქის მიერ, რომელიც ანადგურებს ერის ბუნებრივ სტრუქტურას, ლამობს ქართული მებრძოლი სულის ჩანაცვლებას - უმწეობისა და მონობის სულისკვეთებით. ახლავე თუ არ გავთავისუფლდით მისი მარწუხებისგან, საქართველო შეიძლება გაქრეს, ამიტომ ჩვენ სისტემაზე ტოტალურ შეტევას განვახორციელებთ.

6. საქართველოს განვითარების გზა უკლებლივ ყველა რეგიონის წინსვლაზე გადის.

7. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არის ჩვენი სახელმწიფოს მთავარი მიზანი.

8. სახელმწიფო არ დაუშვებს მიგრანტების უკონტროლო შემოდინებას და ქართველების სამშობლოში დასაბრუნებლად შექმნის პირობებს, მათ შორის, უზრუნველყოფს უცხოეთში მყოფი ქართველების პოლიტიკურ პროცესში აქტიურად მონაწილეობის მიღებას.

9. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გაატარებს დემოგრაფიული მდგომარეობის სწრაფი და მკვეთრი გაუმჯობესებისთვის საჭირო სახელმწიფო პოლიტიკას.

10. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ არცერთმა თაობამ თავი მიტოვებულად არ იგრძნოს. ამისთვის, პენსიონერებს, ათწლეულების განმავლობაში, უნდა მიეცეთ შესაძლებლობა კარგი პენსიით და თუ გადაწყვეტენ მუშაობითაც, იცხოვრონ ღირსეულად, რათა ისინი არ იმყოფებოდნენ მონოპოლისტური ვალის ტყვეობაში. ამასთანავე, მომავალ თაობებს მიეცემათ შესაძლებლობა მიიღონ ნამდვილი ევროპული განათლება ყველა დონეზე, პოლიტიკური ჩარევისა და მანიპულაციების გარეშე.

11. პარტიის ყველა გადაწყვეტილება ეფუძნება პარტიის წევრების უშუალო ჩართულობას. პარტიის ყველა ორგანოს და საარჩევნო სიების შედგენა, ისევე როგორც მთავრობის წევრების კანდიდატურების დამტკიცება, უნდა ხდებოდეს პარტიის წევრების კენჭისყრის გზით.

აღნიშნულ მანიფესტზე ხელმოწერით:

პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, ვერთიანდებით და ვირაზმებით მთავარი მიზნის მისაღწევად - გავათავისუფლოთ ჩვენი ქვეყანა, საქართველოში ერთადერთი ოლიგარქისა და ერთადერთი არაფორმალური მმართველობითი მანკიერი სისტემისაგან.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დამფუძნებლის, „ვარდების რევოლუციის“ ლიდერის, საქართველოს რეფორმატორი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის აქტიური ჩართულობა, კრავს და აძლიერებს პარტიას.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ იყო, არის და იქნება ღია, ისეთი შიდაპარტიული პასუხისმგებლიანი დისკუსიებისათვის, რომელიც ეფუძნება ერთმანეთის პატივისცემას, მიმართულია პარტიის გაძლიერებისაკენ და რომლის მიზანიც არ არის პარტიაზე და მის მმართველობით ორგანოებზე თავდასხმა და მათი დასუსტება.

ჩვენ ვთანხმდებით, რომ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავს მისი წევრების ფართო ჩართულობით, დემოკრატიული და გამჭვირვალე არჩევნების შედეგად არჩეული, სრულად ლეგიტიმური თავმჯდომარე, გენერალური მდივანი, სამდივნო, პოლიტიკური საბჭო და რაიონული ორგანიზაციები.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, მიხეილ სააკაშვილის ლიდერობით და ფართო ლეგიტიმაციის მმართველობითი ორგანოებით, ემზადება საქართველოსთვის გადამწყვეტ, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების მოსაპოვებლად.

ჩვენ ასევე სრულიად მივესალმებით პარტიულ ორგანიზმში მუდმივად მიმდინარე, ჯანსაღ, ცოცხალ პროცესს, რომლის შედეგადაც ჩვენი ძველი თუ ახალი თანამებრძოლები, პარტიის ფუნქციონირების ზემოთ აღნიშნული პრინციპების დაცვით, გადაინაწილებენ მეტ პასუხისმგებლობას, როგორც პოლიტიკური საბჭოს, ისე პარტიის მმართველობის სხვა რგოლებში.

ამ მანიფესტზე ხელმოწერით ვადასტურებთ, რომ ჩვენი საქმიანობა მიმართული იქნება შიდაპარტიული ერთიანობისა და ძალების კონსოლიდაციისკენ.

დღის ამბები