"20 წლის თავზე სახელმწიფოს წინაშე ჩადენილი უამრავი დანაშაულისთვის, "ნაციონალურ მოძრაობას" შეგვიძლია ვუსურვოთ ერთადერთი - პასუხი აგონ ქართველი ხალხის და ქვეყნის წინაშე!" - ასე ეხმაურება "ხალხის ძალის" ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე "ნაციონალური მოძრაობის" მიერ მანიფესტის გამოქვეყნებას და 2003 წლის რევოლუციის წლისთავის აღნიშვნას.
ხუნდაძის თქმით, "ნაციონალურმა მოძრაობამ" მის მიერ ჩადენილი დანაშაულებისთვის ქვეყნის წინაშე პასუხი უნდა აგოს.
"პოლიტიკურად გაკოტრებული მიხეილ სააკაშვილი და მისი "ნაციონალური მოძრაობა" 20 წლისთავზე მანიფესტს გამოსცემს, რომელზედაც ხელის მოწერისკენ მოუწოდებს მთელს ოპოზიციურ სპექტრს.
ოპოზიციას არ სჭირდება ოფიციალური ხელის მოწერა, ისინი ისედაც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები არიან პრეზიდენტის ჩათვლით. რაც შეეხება თავად მანიფესტს, ეს ქართველი ხალხის კიდევ ერთი დაცინვაა სისხლიანი რეჟიმის დამნაშავე პრეზიდენტისგან.
ვარდების რევოლუციამ რომ საზოგადოების მოლოდინი ვერ გაამართლა და საფრთხედ იქცა, ამიტომ იყო 2012 წლის არჩევნებში ამომრჩევლის მკაცრი პასუხი. დღეს კი მათი მხრიდან ამ თარიღის საზეიმოდ ქცევა მოსახლეობის უდიდესი ნაწილის შეურაცხყოფა და ამავე დროს, მტკიცებულებაა იმისა, რომ ნაცმოძრაობა ამ მძიმე წარსულს არ ნანობს და უარესის ჟინი აქვთ.
მთელი ამ წლების განმავლობაში მათგან არ გაგვიგია სინანული ქუჩაში ჩაცხრილული ბიჭების გამო, ციხეებში გაუპატიურებული და ნაწამები პატიმრების გამო, დაკარგული ტერიტორიების და ბრძოლის ველზე მიტოვებული დაღუპული გმირების გამო, ბიუჯეტის გაძარცვის და ხალხის ფულის მიტაცების გამო, თავისუფალი სიტყვის ჩახშობის და მიტინგების დარბევის გამო და კიდევ რამდენი ჩამოვთვალო...
20 წლის თავზე სახელმწიფოს წინაშე ჩადენილი უამრავი დანაშაულისთვის, ნაციონალურ მოძრაობას შეგვიძლია ვუსურვოთ ერთადერთი - პასუხი აგონ ქართველი ხალხის და ქვეყნის წინაშე! სხვა შემთხვევაში სამართალზე დაფუძნებულ სახელმწიფოს ვერ მივიღებთ," - წერს ხუნდაძე.