15 ნოემბერი 2024,   22:54
ვრცლად
როდესაც საუბარია ხელის მოწერაზე თუ არ მოწერაზე, მთავარია, ეს აგვარებს თუ არა პრობლემებს, ჩემი გადმოსახედიდან პრობლემები არ გვარდება - ბაჩო დოლიძე ენმ-ს მანიფესტზე

"ნაციონალურ მოძრაობის" მანიფესტი პარტიაში დაპირისპირების მიზეზია. ნიკა მელიას გუნდს ჯერ არ აქვს მიღებული გადაწყვეტილება, მოაწერს თუ არა ხელს დოკუმენტს, თუმცა ხელმოწერის შემთხვევაშიც კი, აცხადებენ, რომ პროცესს სიმბოლური დატვირთვა ექნება, რადგან მათთვის მანიფესტის კონკრეტული პუნქტები მიუღებელია.

საუბარია დოკუმენტის იმ ნაწილზე, რომელიც პოლიტსაბჭოს ლეგიტიმურად ცნობას ეხება. მელიას გუნდი ეჭვობს, რომ მანიფესტის ეს ნაწილი მიხეილ სააკაშვილის დაწერილი არ არის და დავით კეზერაშვილის ინტერესებს ატარებს.

"როდესაც საუბარია ხელის მოწერაზე თუ არ მოწერაზე, მთავარია ჩვენ ვიცოდეთ, ეს ხელის მოწერა აგვარებს თუ არა პრობლემებს. ჩემი გადმოსახედიდან პრობლემები არ გვარდება. მე პირადად მგონია, რომ ხელის მოწერა არის სიმბოლური. არ ვარ დარწმუნებული ხელი მოაწერონ, მათ შორის, იმ პოლიტსაბჭოს წევრებმა, რომლებიც იყვნენ გარიცხულნი. რას შვებიან, ყველას რიცხავენ? არ მგონია. ზოგადად, არ უნდა გააკეთო ისეთი განცხადება, რომლის შესრულებაც არ შეგიძლია და რომელსაც ჩიხურ მდგომარეობაში მიყავხარ.

ტექსტი რომ ავიღოთ, ბოლო პასაჟს არ ვგულისხმობ, სადაც მართლა კვიპროსის ჩანართივით არის გამოკვეხილი, თვითონ მიხეილ სააკაშვილი აღნიშნავს, რომ გარიყულნი იყვნენ ადამიანები პოლიტსაბჭოდანო და უცბად ბოლო წინადადებაში ჩაკვეხებულია, რომ ლეგიტიმურია პოლიტსაბჭო. არ გამოვრიცხავ ამაზე დაყრდნობით, რომ ეს იყოს კონკრეტული ჯგუფის ინიციატივა ამ დანართის ჩამატება. ამ შემთხვევაში დავით კეზერაშვილს ვგულისხმობ, სადაც საუბარია, რომ პოლიტსაბჭო ისეთი ლეგიტიმურია, რომ მიხეილ სააკაშვილის განცხადება საერთოდ არ ყოფილა რელევანტური. კვიპროსული გეგმით მიმდინარეობდა მთელი ეს პროცესი, იმიტომ, რომ მთელი პარტიის ელიტა დამწკრივებული ქუთაისის აეროპორტში მიმავალი სხვა ქვეყანაში მე არ მინახავს და სადაც მიდიოდნენ, აქედან გამომდინარე, ვვარაუდობ ამ ყველაფერს," - აცხადებს ენმ-ს წევრი ბაჩო დოლიძე.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფი" წევრი და პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" გენერალური მდივანი პაატა მანჯგალაძე ფიქრობს, რომ თითოეულმა ადამიანმა თავად უნდა გააკეთოს არჩევანი, მოაწეროს თუ არა ხელი ენმ-ს "ერთობის მანიფესტს". 

"მე როგორც ვიცი, ასე მკაცრი დათქმა, რომ გინდა თუ არა ხელი მოაწერო, ასე არ არის. შეუერთდე შეგიძლია, ან მინიმუმ ჩუმად იყო და არ გააპროტესტო. თუ ჩვენი მეგობრები გვთხოვენ, ხელსაც მოვაწერთ, რა პრობლემაა. ყველა ადამიანი თავად აკეთებს არჩევანს - ან არის ერთიანობის ნაწილი და მანიფესტის სულისკვეთების ნაწილი, ან დგას მანიფესტის მიღმა," - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

იმ შემთხვევაში, თუ ნიკა მელია და მისი მომხრეები დოკუმენტს ხელს არ მოაწერენ, "ნაცმოძრაობის" ხელმძღვანელობა მათი პარტიიდან გარიცხვით იმუქრება. 11 პუნქტიან მანიფესტზე ხელმოწერის ცერემონია დღეს, ვარდების რევოლუციის 20 წლისთავზეა დაგეგმილი.  

დღის ამბები