15 ნოემბერი 2024,   22:17
ვრცლად
არც აქვთ აღქმული, რომ დააშავეს და ბოდიში აქვთ მოსახდელი საქართველოს იმ უზარმაზარი ნაწილისთვის, რომელიც მართლა ტერორის პირობებში ცხოვრობდა - მიხეილ სარჯველაძე ენმ-ზე

"ნაციონალურ მოძრაობის" მანიფესტი პარტიაში დაპირისპირების მიზეზია. ნიკა მელიას გუნდს ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება, მოაწერს თუ არა ხელს დოკუმენტს, თუმცა ხელმოწერის შემთხვევაშიც კი, აცხადებენ, რომ პროცესს სიმბოლური დატვირთვა ექნება, რადგან მათთვის მანიფესტის კონკრეტული პუნქტები მიუღებელია.

საუბარია დოკუმენტის იმ ნაწილზე, რომელიც პოლიტსაბჭოს ლეგიტიმურად ცნობას ეხება. მელიას გუნდი ეჭვობს, რომ მანიფესტის ეს ნაწილი მიხეილ სააკაშვილის დაწერილი არ არის და დავით კეზერაშვილის ინტერესებს ატარებს.

იმ შემთხვევაში, თუ ნიკა მელია და მისი მომხრეები დოკუმენტს ხელს არ მოაწერენ, "ნაცმოძრაობის" ხელმძღვანელობა მათი პარტიიდან გარიცხვით იმუქრება. 11 პუნქტიან მანიფესტზე ხელმოწერის ცერემონია დღეს, ვარდების რევოლუციის 20 წლისთავზეა დაგეგმილი.

თარიღის საზეიმოდ აღნიშვნას აკრიტიკებს მმართველი გუნდი და ოპონენტებს წარსულს ახსენებს. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, "ნაცმოძრაობას" არ აქვს გააზრებული, რომ ბოდიში აქვთ მოსახდელი საქართველოს იმ უზარმაზარი ნაწილისთვის, რომელიც სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ტერორის პირობებში ცხოვრობდა.

"ამ დღის აღნიშვნა და პომპეზურობის მიცემა, მე ვფიქრობ,  ერთგვარ პოლიტიკურ ამორალურობას შეიცავს. იმიტომ, რომ არაერთი ოჯახი გაუბედურდა და უზარმაზარი ტრაგედიის მსხვერპლი გახდა და შესაბამისად, ძალიან დიდია ჩვენი საზოგადოების ნაწილი, რომელსაც არაფერი ეზეიმება დაკავშირებული ამ პოლიტიკურ პროცესებთან. როგორც ჩანს, რეალურად არც აქვთ აღქმული, რომ რეალურად დააშავეს და ბოდიში აქვთ მოსახდელი საქართველოს იმ უზარმაზარი ნაწილისთვის, რომელიც მართლა ტერორის პირობებში ცხოვრობდა. 

ეს მანიფესტიც კი, რომლის მიზანი თითქოს უნდა ყოფილიყო გამაერთიანებელი ფუნქციის შესრულება, რეალურად, ამით შენიღბულია სახის შენარჩუნება პოლიტიკური პარტიისთვის, რომელიც ინგრევა. რეალურად, ყველა ძალიან კარგად ხვდება, რომ ახლა სჭირდებათ გაფორმება იმისა, თუ როგორ დასრულდება ის ეპოპეა, რასაც ჰქვია კეზერაშვილისა და მელიას დაჯგუფების დაპირისპირება. ეს არის ფორმალური დასასრული, თორემ დიდი ხნის დასრულებული და დანგრეულია ეს პოლიტიკური პარტია," - აღნიშნა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ.

დღის ამბები