„ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირება მანიფესტმა ვერ დაასრულა. ორად გაყოფილ პარტიაში, მორიგი გაურკვევლობა მიხეილ სააკაშვილის მორიგმა სტატუსმა გამოიწვია. მმართველი გუნდის წევრები ფიქრობენ, რომ ენმ უკვე დაიშალა და აღდგენას აღარ ექვემდებარება.
პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია ფიქრობს, რომ ენმ-ს განხეთქილებამ საზოგადოებას ბევრ რამეზე აუხილა თვალი.
"ენმ-ში არის დაწყებული დაშლის შეუქცევადი პროცესი. ენმ არა მხოლოდ მარტივ მამრავლებად, არამედ ნაწილაკებადაც დაიშლება. პაციენტ-პატიმარ სააკაშვილის წერილები და ეპისტოლეები ამ ამბავს ვერ უშველის.
ამ ადამიანებს ერთმანეთი უკვე სძულთ და მათი ლექსიკა ცხადყოფს, რომ ეს ადამიანები ვერასდროს ვერ შედუღდებიან. ახლა, როდესაც ბაჩო დოლიძე ამბობს, რომ კეზერაშვილი მართავს ყველაფერს დისტანციურად, ალბათ, საზოგადოებასაც უფრო მეტად აქვს ეს დამაჯერებლობის კოეფიციენტი, აქამდე თუ არ სჯეროდათ," - აცხადებს ოდიშარია.