დანართის დანართი 11-პუნქტიან მანიფესტს - მიხეილ სააკაშვილმა პოზიციები ისევ ჩაასწორა. შედეგები მიხეილ სააკაშვილმა მანიფესტის გამოქვეყნებიდან მალევე დაინახა. ე.წ. კვიპროსული დანართი ჩაასწორა და ახლა თავიდან თქვა, რომ პოლიტსაბჭოდან გარიყულები უნდა დაბრუნდნენ. ნიკა მელიას გუნდი ფიქრობს, რომ სააკაშვილს გაერთიანება სურს, მაგრამ "ნაციონალურ მოძრაობაში" გადაწყვეტილებებს რეალურად არაფორმალური მმართველები იღებენ, სხვები კი სააკაშვილის სახელით მხოლოდ სპეკულირებენ.
მოქმედი მენეჯმენტის წარმომადგენლები დღეს ამტკიცებდნენ, რომ ყოფილი თავმჯდომარისთვის მათ პარტიის კარი არ დაუხურავთ. ჯერ კიდევ გუშინ კი ამბობდნენ, რომ ნიკა მელიასა და მის გუნდს პარტიის წევრებად აღარ განიხილავენ. შესთავაზებენ თუ არა პოლიტსაბჭოში დაბრუნებას მათ, ვისზეც სააკაშვილი მიანიშნებს, არ აკონკრეტებენ. იმავდროულად ისევ ადასტურებენ, რომ ე.წ. ერთობის მანიფესტი კონკრეტულ ადამიანებზე იყო გათვლილი.
თუმცა იმავე პოსტში ისიც თქვა, რომ არჩეული ორგანოები ლეგიტიმურია. სწორედ პოლიტსაბჭოს ლეგიტიმაციის აღიარებასთან დაკავშირებული ჩანაწერი გახდა მელიას გუნდისთვის წითელი ხაზი, რის გამოც მათ დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს. მანიფესტის ამ დანართში მათ დავით კეზერაშვილის ხელწერა ამოიკითხეს.
ერთობის სახელით გავრცელებული დოკუმენტი რომ, რეალურად, დაშლის მანიფესტი აღმოჩნდა, ამაზე საუბრობს მმართველი გუნდიც. "ქართულ ოცნებაში" მიაჩნიათ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" გაყოფა შეუქცევადი პროცესია, რასაც ვერაფერი შეაჩერებს.
გარიცხვა არ გაფორმებულა. ლევან ხაბეიშვილის მუქარა ამ დრომდე შეუსრულებელია, თუმცა დაპირისპირების დასასრული დაანონსებულია. ნიკა მელიას გუნდი ორშაბათიდან კონკრეტულ გადაწყვეტილებას გამოაცხადებს.