05 ოქტომბერი 2024,   01:02
ვრცლად
არაჯანსაღ საკვებ პროდუქტებს ბავშვები სკოლის კვების ობიექტებში ვეღარ შეიძენენ - რა საკვები გაქრება სკოლებიდან 

არაჯანსაღ საკვებ პროდუქტებს ბავშვები, სკოლის კვების ობიექტებში ვეღარ შეიძენენ.

მრავალშვილიანი დედისთვის მნიშვნელოვანია, რომ მისმა შვილებმა ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა ოჯახის გარეთაც შეძლონ. ამისთვის კი, თიკო ფირცხალაიშვილს სკოლის ხელშეწყობაც სჭირდება.

თიკო ფირცხალაიშვილმა, სხვა მშობლებთან ერთად, მიზანი დაისახა - რომ სკოლის სივრცეში არსებული საკვები პუნქტებიდან არაჯანსაღი პროდუქტები ამოეღოთ. დასახულის მიღწევაში კი, მათ ორგანიზაცია “მშობლები განათლებისთვის” დაეხმარა. პეტიცია 10 000 ხელმოწერით შედგა.

მშობლებს გვერდში პედაგოგებიც ედგნენ. საკითხი განათლების სამინისტროში განიხილეს და ბრძანებაც გამოსცეს. სკოლის კვების ობიექტებში არაჯანსაღი პროდუქტების გაყიდვის აკრძალვის პარალელურად, თანამშრომლებისთვის პირადი ჰიგიენის მოთხოვნებიც დაწესდება.

პროდუქტები, რომელიც სკოლის კვების ობიექტებში დღემდე აქტიურად იყიდება, ამ დახლებიდან მალე გაქრება. აკრძალული პროდუქტების ჩამონათვალი დიდია. სააღმზრდელო დაწესებულებების კვების ბლოკებში შეტანა უკვე იკრძალება:

საღეჭი რეზინი, კანფეტები, შოკოლადი, არომატიზებული წასახემსებლები.
- მარილიანი, შაქრიანი ან ცხიმით დამუშავებული თხილეული, ხილი და ბოსტნეული;
- მაიონეზი და მაიონეზით შეზავებული პროდუქტები;
- დაკონსერვებული პროდუქტები;
- თერმულად დაუმუშავებელი კვერცხი;
- სოკო ნებისმიერი ფორმით;
- კრემიანი საკონდიტრო ნაწარმი;
- ტკბილი გაზიანი სასმელები;
- ყავა.

ბრძანების თანახმად, სკოლებში კვების ობიექტები ყოველდღიურად შემოწმდება. ამ პროცესს კი, სკოლის მონიტორინგის ჯგუფი გააკონტროლებს, რომელიც დაკომპლექტებული იქნება მოსწავლეებით, მშობლებით, მასწავლებლებით, სკოლის ექიმითა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებით.

შესაბამისი ბრძანება განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა უკვე გასცა, რაც იმას ნიშნავს, რომ პრობლემის მოგვარებაზე მუშაობა სკოლებში დაუყოვნებლივ დაიწყება.

დღის ამბები