27 ივლისი 2024,   03:37
ვრცლად
შემიძლია, დავადასტურო, რომ სამოქმედო გეგმა, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცდა, უკვე გაიგზავნა ევროპულ კომისიაში - პაველ ჰერჩინსკი

შემიძლია, დავადასტურო, რომ სამოქმედო გეგმა, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცდა, უკვე გაიგზავნა ევროპულ კომისიაში, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა განაცხადა.

პაველ ჰერჩინსკის თქმით, ის მოხარულია, რომ ხელისუფლებამ სწრაფად იმოქმედა. ელჩი პოლიტიკურ სპექტრს ერთად მუშაობისკენ მოუწოდებს.

"მე ნამდვილად ბედნიერი ვარ, რომ ხელისუფლება ელვის სისწრაფით მოქმედებს. შემიძლია, დავადასტურო, რომ სამოქმედო გეგმა, რომელიც განხილული და დამტკიცებული იქნა მთავრობის მიერ, უკვე გაიგზავნა ევროპულ კომისიასთან. ევროპული კომისიის კოლეგები ყურადღებით შეისწავლიან სიტუაციას და თავიანთ შეფასებას გამოაქვეყნებენ.

ბედნიერი ვარ, რომ ეს ხდება არა დროის დასაკარგად, არამედ იმისთვის, რათა დავრწმუნდეთ, რომ რეფორმები სწორი მიმართულებით მიმდინარეობს და დეკემბერში, კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ, საქართველომ შეძლოს, რაც შეიძლება სწრაფად გადავიდეს შემდეგ ნაბიჯებზე, რაც შეიძლება სწრაფად დაეწიოს უკრაინასა და მოლდოვას.

ევროინტეგრაცია უდიდესი ამოცანაა, მონუმენტური ამოცანა და ამაში ყველა უნდა იყოს ჩართული და ყველა უნდა თამაშობდეს თავის როლს. ერთიანობა აუცილებელია. საქართველოს გერბზეც ეს წერია, ძალა ერთობაშია - ესაა ზუსტად ის, რაც ევროინტეგრაციაში გჭირდებათ.

თუ შეხედავთ ჩემი ან სხვა ქვეყნების მაგალითს, რომლებიც ევროკავშირს შეუერთდნენ წარსულში, ეს ყოველთვის ყველას კოლექტიური ძალისხმევა იყო, ამიტომ ნათელია, მთავრობა უნდა იყოს ინკლუზიური, ხელი გაუწოდოს ოპოზიციას, მოუსმინოს სამოქალაქო საზოგადოებას, ამავდროულად კი ოპოზიციურმა პარტიებმა უნდა იმუშაონ კონსტრუქციულად და სცადონ ამ საერთო ძალისხმევაში წვლილი შეიტანონ.

როდესაც ერთად დგანან, ქართველებს ბევრი დიდი საქმის კეთება შეუძლიათ. ევროინტეგრაცია არის ამოცანა, რომელიც ეროვნული პრიორიტეტია. მე ვიცი ესაა მოქმედი ხელისუფლების მიზანი, ვიცი, რომ პარლამენტში წარმოდგენილი ოპოზიციური პარტიები ამ მიზანს მხარს უჭერენ და გულწრფელად მჯერა, რომ ყველა ერთად იმუშავებს იმისათვის, რომ საქართველომ ამ მიზანს სწრაფად მიაღწიოს," - აცხადებს ჰერჩინსკი.

დღის ამბები