08 სექტემბერი 2024,   03:41
ვრცლად
ხელისუფლების არანაირი სამოქმედო გეგმის, არანაირი ფუჭი დაპირების ამ ქვეყანაში არავის სჯერა - სალომე სამადაშვილი

ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმის განხილვის პროცესში, ოპოზიციის ნაწილი მონაწილეობას აპირებს, ნაწილი კი სამუშაო ჯგუფებში ჩართულობის აზრს ვერ ხედვას.

"ლელოს" წევრის სალომე სამადაშვილის განმარტებით, "ქართული ოცნების" სამოქმედო გეგმის და დაპირების არავის სჯერა.

"ხელისუფლების არანაირი სამოქმედო გეგმის, არანაირი ფუჭი დაპირების ამ ქვეყანაში არავის არ სჯერა. ჩვენ მივიღეთ კანდიდატის სტატუსზე დადებითი დასკვნა ევროკომისიისგან, მიუხედავად მათ მიერ ჩაგდებული მოთხოვნებისა. იმედი მაქვს, რომ სტატუსზე მიიღება დადებითი გადაწყვეტილება, ასევე მათი მხრიდან მოთხოვნების შესრულების პროცესის ჩაგდებისა. რაც შეეხება "ლელოს", ჩვენი გზავნილი არის მარტივი, ჩვენ დაიინიცირებული გვაქვს ევროკავშირის მოთხოვნების შესასრულებელი შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში და საჭიროა, რომ ის განიხილონ", - განაცხადა სამადაშვილმა.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "საქართველოსთვის" წევრის მიხეილ დაუშვილის განცხადებით, ევროკავშირის დათქმების შესასრულებლად საჭიროა სამუშაო ჯგუფების სწრაფად შექმნა და ოპოზიციის სრული ჩართულობა.

"სამუშაო ფორმატები უნდა შეიქმნას და დროულად უნდა დაიწყოს მუშაობა დათქმების შესრულების კუთხით. რა თქმა უნდა, ამ პროცესში ოპოზიცია სრულად უნდა ჩაერთოს. კიდევ ერთხელ გამოჩნდება, რეალურად ვის შეუძლია საკუთარი ვიწროპარტიული ინტერესებით მუშაობა და ვის შეუძლია ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მუშაობა. მიუხედავად იმისა, რა მოლოდინები გვაქვს და "ოცნება" რისი გამკეთებელია, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ყველაფერი გავაკეთოთ მოლაპარაკების ეტაპზე გადასასვლელად", - განაცხადა დაუშვილმა.

სამოქმედო გეგმა სამთავრობო კომისიის სხდომაზე გუშინ დამტკიცდა. დოკუმენტში, რომელიც რეფორმების თანამიმდევრობას განსაზღვრავს, გაწერილია ვადებიც და პასუხისმგებელი უწყებებიც.

დღის ამბები