15 ნოემბერი 2024,   21:16
ვრცლად
სიტყვიერი დაპირისპირება სესიაზე - ერთმანეთს "გირჩისა" და უმრავლესობის წევრები დაუპირისპირდნენ

73 ხმით 5-ის წინააღმდეგ - პარლამენტმა მხარი დაუჭირა დადგენილების პროექტს, რომლითაც, სხდომაზე მთავრობის მიერ ინიციირებულ თავდაცვის კოდექსში ცვლილებების განხილვა დაიწყო.

"გირჩს“, წარმოდგენილი ალტერნატიული კანონპროექტის განხილვაზე უარი ეთქვა. მთავრობის ინიციირებულ თავდაცვის კოდექსში, სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადების წესი იცვლება.

ცვლილებები სტუდენტებსა და რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეეხებათ. დისტანციური სწავლა სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების საფუძველი აღარ იქნება და გაწვევას სასამართლო სარჩელი ვეღარ შეაჩერებს.

პარლამენტის სესიაზე, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის სიტყვით გამოსვლის დროს, სიტყვიერ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი. "გირჩის" წევრმა, იაგო ხვიჩიამ, მინისტრის მოადგილეს მიმართა და ჰკითხა, "შემოგზავნილი" ხომ არ იყო.

"შემოგზავნილი ხომ არ ხართ "ნაცებიდან", შიგნიდან ხომ არ ანგრევთ "ქართულ ოცნებას" "ნაცების" შეკვეთით - ეს მაინტერესებს", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ აღნიშნა, რომ იაგო ხვიჩიას არგუმენტები არ აქვს და ამიტომ მიმართავს პირად შეურაცხყოფას, რაზეც პასუხს არ გასცემს.

"ბატონ იაგოს არ ვუპასუხებ. მარტივია, ოდესაც არგუმენტები არ არის, ხშირად მიუმართავს პირადი შეურაცხყოფისთვის. მე ვამაყობ ჩემი ბიოგრაფიით და ვამაყობ ბიოგრაფიის იმ ნაწილით, რომელიც თავდაცვის სამინისტროში სამსახურს უკავშირდება", - განაცხადა გრიგოლ გიორგაძემ.

იაგო ხვიჩიას უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ უპასუხა და აღნიშნა, რომ მინისტრის მოადგილეზე ასეთი ფორმით პერსონალური თავდასხმა სწორი და კორექტული არ იყო.

"ბატონო იაგო, ბატონ გრიგოლზე ასეთ ფორმით პერსონალური თავდასხმა არ არის სწორი და კორექტული ფორმა. ნამდვილად არ არის ეს მისაღები და კითხვა სწორედ აქეთ იყო მიმართული. უმჯობესია, საგანზე ვიყოთ კორექტირებულნი. ვინც იცის ამ პიროვნების გამოცდილება და განვლილი გზა, ასეთი კითხვა არ გაუჩნდება, თუ პროვოკაციასა და სიტუაციის სხვანაირად წარმოჩენას არ ცდილობს", - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

როგორც იაგო ხვიჩიამ განმარტა, კითხვა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის რეპლიკის საპასუხოდ დასვა.

"ბატონო გრიგოლ, თქვენ მე შეკითხვაზე არ მიპასუხეთ და ჩათვალეთ, რომ ეს არასერიოზული შეკითხვა იყო და თქვით, რომ ამაყობთ თავდაცვის სამინისტროში მუშაობით. მე ამ კითხვას არ დავსვამდი, უბრალოდ, ბატონი მიშა გამომეხმაურა. ზოგადად, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს უფრო ვპასუხობ ამას და სწორი იყო თუ არა ჩემი შენიშვნა, ამ ტექსტიდან გამომდინარე, მერე ცალკე დამელაპარაკოს", - განაცხადა ხვიჩიამ.

იაგო ხვიჩიას კითხვა, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა შეაფასა და აღნიშნა, რომ იაგო ხვიჩია საპარლამენტო ხულიგნობით არის დაკავებული, რაც, მისი მხრიდან, მოულოდნელი არა რის.

"საპარლამენტო ხულიგნობის სახით, გასაგებია თქვენგან, მაგრამ ახლა თქვენ რასაც აკეთებთ ეს არის ის, რომ ცდილობთ ადამიანის ღირსებაზე მოქმედებას. რასაც აკეთებთ, ჩვეულებრივი პროვოკაციაა და ეს, რა თმა უნდა, არ არის კოლეგიალური. ჯერ გადაწვდით ბატონ მიხეილ სარჯველაძეს, ახლა მომხსენებელს, რადგან არგუმენტი არ გაქვთ. ეს აჩვენებს თქვენს სისუსტეს", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კამათში "მოქალაქეების" თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილიც ჩაერთო, რომელმაც განმარტა, რომ დღევანდელი სესიის განსახილველი საკითხი, თავდაცვის სამინისტროსა და პარლამენტს არასერიოზულად წარმოაჩენს.

"რამდენად სერიოზულად წარმოაჩენს თავდაცვის სამინისტროს ან პარლამენტს მთელი ეს ამბავი, რომ რამდენიმე წელი ვშრომობდით, 2 თვის წინ მივიღეთ და უკვე ცვლილებებზე ვმსჯელობთ. ის ხვრელები, რომლებიც ჩანდა, მანამდე რატომ არ ჩანდა", - თქვა ალეკო ელისაშვილმა.

 

დღის ამბები