ლევან ხაბეიშვილის გადადგომის მოთხოვნისა და მწვავე დაპირისპირების ფონზე, პარტია პოლიტსაბჭოს გაფართოებას აანონსებს. სხდომის დასრულების შემდეგ, ცნობილი უნდა გახდეს საბჭოს შემადგენლობა. მოქმედი მენეჯმენტი მასთან დაპირისპირებულ ჯგუფებს სთავაზობს, ხელი მოაწერონ სააკაშვილის მანიფესტს.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, ლაშა ფარულავა ამბობს, რომ პარტიას ჰყავს ლეგიტიმური თავმჯდომარე, ამ პარტიაში პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ელექტორალური ძრავი არის მიხეილ სააკაშვილი და სწორედ ერთიანობის მანიფესტი იყო ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტი და ჩვენ ამ პროცესისთვის ვაღებთ კარს, ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც აპირებს ბრძოლას. ტრანსფორმაცია მიმდინარეობს, ცხადია, ამას ჰყავს მოწინააღმდეგეები. ამ პარტიას ჰყავს ლეგიტიმური თავმჯდომარე, ამ პარტიაში პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია, ნიკა მელია არ წარმოადგენს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოზიციას. თუ ვინმეს უნდა სტატუსი, შეუძლია კანცელარიას მიმართოს, რომ გაარკვიოს, რა სტატუსი აქვს,“ - აცხადებს ლაშა ფარულავა.
პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" წევრი, დავით ხაჯიშვილი აცხადებს, რომ "ნაციონალურ მოძრაობაში" 2025 წლამდე არავითარი არჩევნები არ ჩატარდება.
"პარტიის თავმჯდომარემ თქვა, რომ ნიკა მელია აღარ არის პარტიის წევრი და ეს საკითხი ჩახურულია. 2025 წლამდე არავითარი არჩევნები არ ჩატარდება ნაციონალურ მოძრაობაში. პოლიტსაბჭო გაფართოვდება. პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ თქვენ ნახავთ, თუ ვინ შეუერთდება ამ პოლიტსაბჭოს, რამდენი ადამიანით გაფართოვდება პოლიტსაბჭო და ის განცხადება, რომელიც გააკეთა მესამე მიხეილ სააკაშვილმა, თხოვნა შესრულდება აუცილებლად, იმიტომ რომ ჩვენ ვიზიარებთ თავიდან ბოლომდე," - ამბობს დავით ხაჯიშვილი.