29 თებერვალი 2024,   03:18
ვრცლად
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გარემოსდაცვითი პროექტი - „სტუდენტები ერთად სიმწვანისთვის“, დაიწყო

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივითა და რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მხარდაჭერით, ახალი პროექტი - „სტუდენტები ერთად სიმწვანისთვის“ დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

უნივერსიტეტის ცნობით, პროექტის ფარგლებში პირველი ღონისძიება სტუ-ის მესამე და მეოთხე სასწავლო კორპუსებს შორის არსებულ სკვერში გაიმართა, სადაც საბურთალოს რაიონის გამგეობის ჩართულობით, სტუდენტებმა ამბრისა და სოფორას ხეები დარგეს და ტერიტორია დაასუფთავეს.

სტუ-ის თვითმმართველობის პრეზიდენტის დავით ლეშკაშელის თქმით, გარემოსდაცვითმა პროექტმა - „სტუდენტები ერთად სიმწვანისთვის“, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში აიღო სტარტი, ესტაფეტას კი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებს გადასცემენ.

„კამპანიას, „სტუდენტები ერთად სიმწვანისათვის“, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით დაიწყო, ერთჯერადი ხასიათი არ ექნება. ესაა ჩვენი, სტუდენტების სიტყვა ბუნების დასაცავად. პროექტში ჩაერთვება საქართველოში აკრედიტირებული ყველა უნივერსიტეტი, იმდენად რამდენადაც ის ერთგვარი გამოწვევაა. მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს მხარდაჭერისთვის. მადლობა თბილისის საბურთალოს რაიონის გამგებელს, ბატონ გიზო ვასაძეს, რომელიც დიდი სიხარულით ჩაერთო პროექტში და ამბრისა და სოფორას ნერგები გვაჩუქა. ასევე, მადლობა საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციას (SOA) მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა დავით ლეშკაშელმა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის თქმით, სტუდენტური თვითმმართველობის ახალი პროექტით საფუძველი ჩაეყარა ახალ გარემოსდაცვით კამპანიას, რომლის ფარგლებში არაერთი ღონისძიებაა დაგეგმილი.

„მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს სტუდენტებს, საქართველოს მომავალ თაობას ახალი პროექტის დაწყებისთვის. ბუნების დაცვა, მოვლა, განაშენიანება არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანი და როცა სტუ-ის თვითმმართველობის პრეზიდენტმა ინიციატივა გააჟღერა, რა თქმა უნდა, დიდი სიხარულით დავუჭირეთ მხარი. მადლობა საბურთალოს რაიონის გამგებელს, ბატონ გიზოს, სტუდენტების მხარდაჭერისთვის. წინსვლა და წარმატება მინდა ვუსურვო სტუდენტებს“, - განაცხადა დავით გურგენიძემ.

სტუ-ის ინფორმაციით, საბურთალოს რაიონის გამგებელმა რექტორს და სტუდენტებს მადლობა გადაუხადა საინტერესო პროექტის ინიცირებისა და ორგანიზებისთვის. როგორც გიზო ვასაძემ აღნიშნა, გამგეობა მზადაა სტუდენტებს მსგავს საინტერესო პროექტებში მხარდაჭერა აღმოუჩინოს.

დღის ამბები