ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში ეუთოს მინისტერიალი ოფიციალურად გაიხსნა, სადაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილიც იმყოფება. საგარეო საქმეთა მინისტრის მინისტერიალში მონაწილეობა თბილისში პოლიტიკური ურთიერთბრალდებების თემაა.
ოპოზიცია ფიქრობს, რომ ღონისძიებას, რომელსაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვიც ესწრება, ქართულმა მხარემ, უკრაინისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების მსგავსად, ბოიკოტი უნდა გამოუცხადოს.
"როდესაც უკრაინა, ბალტიის სახელმწიფოები პირადად ლავროვის მონაწილეობას უცხადებენ ბოიკოტს და თავისი დიპლომატიური დემარშით აჩვენებენ მიუღებლობას პუტინის რეჟიმისა მათთვის, შეუძლებელია, რომ ქართული სახელმწიფოს წარმომადგენელმა, როგორც მინიმუმ, იგივე არ გააკეთოს, ხომ უნდა იგრძნოს რუსეთმა,რომ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას რაღაც ფასი აქვს. ახლა დასავლეთმა საბოლოოდ გამოიღვიძა, განსხვავებით 2008 წლის შემდეგ რაც იყო,"- აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი გია ბარამიძე.
"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე კი იხსენებს, რომ რუსეთმა საქართველოში ეუთოს წარმომადგენლობის ყოფნას ვეტო დაადო და ამბობს, რომ ქართულმა მხარემ ამ საკითხზე ბლოკის ახსნა უნდა მოითხოვოს.
"რუსეთმა, თავის დროზე, დაბლოკა საქართველოში ეუთოს წარმომადგენლობის ყოფნა. ეუთო არის კონსენსუსური ორგანო და რუსეთმა დაადო ვეტო, დაბლოკა, რომ საქართველოში ყოფილიყო ეუთოს წარმომადგენლობა. არადა, ეუთოს წარმომადგენლობა მანამდე იყო საქართველოში, რომელიც ძალიან ბევრს მუშაობდა, მათ შორის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ადამიანების დახმარების კუთხით და ა.შ. შესაბამისად, ჩემი კითხვა არის - ის, ვინც საქართველოს სახელით ჩავა, რუსეთს დაუსვამს საკითხს, რომ მოხსნას თავისი ბლოკი და ვეტო ეუთოს წარმომადგენლობაზე საქართველოში? თუ უბრალოდ ფორმალურად დაესწრება ამ სამიტს?,"- აცხადებს გიორგი ვაშაძე.
მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ ოპონენტები ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებენ და მათთვის რუსეთი მხოლოდ უკრაინასთან ომის შემდეგ გახდა ოკუპანტი. უმრავლესობა ნაციონალურ მოძრაობას წარსულს ახსენებს - 2010 წელს, როცა ეუთოს მინისტერიალს რუსეთის პრეზიდენტი ესწრებოდა და მასზე ქართული დელეგაცია სააკაშვილის ხელმძღვანელობით იყო წარმოდგენილი.