საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის ეუთოს მინისტერიალში მონაწილეობასთან დაკავშირებით, ოპოზიციის განცხადებებს "ქართულ ოცნებაში" ეხმაურებიან.
პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების პერიოდს იხსენებს და ამბობს, რომ ოპონენტები, საკითხთან დაკავშირებით, ორმაგი სტანდარტით მოქმედებენ.
მამუკა მდინარაძე "ნაციონალურ მოძრაობას" წარსულს ახსენებს, 2010 წელს, როცა ეუთოს მინისტერიალს რუსეთის პრეზიდენტი ესწრებოდა და მასზე ქართული დელეგაცია სააკაშვილის ხელმძღვანელობით იყო წარმოდგენილი.
"მაშინ, როდესაც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, ძალიან ბევრი ქვეყანა, ცივილიზებული სამყაროს ძალიან ბევრი ქვეყანა იქ არის პირველი პირების დონეზე წარმოდგენილი და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს აკრიტიკებენ, ეს ორმაგი სტანდარტიც არ არის. უბრალოდ გასროლილი ერთ-ერთი ნეგატიური მესიჯია იმისთვის, რომ კიდევ ვიღაცები დაარწმუნონ, რომ ლავროვთან ერთად ჩადის მაინც და მაინც. შეიძლება ისიც თქვან, რომ ლავროვი რომ არ იყოს, არ ჩავიდოდა. ეუთოს ფორმატი ითვალისწინებს იმ ადამიანების დასწრებას, ვინც მასში იღებენ მონაწილეობას, მათ შორის ნაც მოძრაობის დროს, მაშინდელი პრეზიდენტი სააკაშვილი იღებდა მონაწილეობას და სხვათა შორის, არა მხოლოდ ლავროვი, მათ შორის ოკუპანტი ქვეყნის სახელმწიფოს ლიდერიც ზის ხოლმე. უბინძურესი სპეკულაციაა ეს ამბავი, რომ ლავროვთან ერთად ზის, როდესაც ჩვენი პარტნიორი ქვეყნების - ამერიკის შეერთებული შტატების, ევროპის, ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები არიან იქ წარმოდგენილები," - აცხადებს მამუკა მდინარაძე.
ცნობისთვის, ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქში ეუთოს მინისტერიალი ოფიციალურად გაიხსნა. სკოპიეშია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. ილია დარჩიაშვილის მინისტერიალში მონაწილეობა თბილისში პოლიტიკური ურთიერთბრალდებების თემაა. ოპოზიცია ფიქრობს, რომ ღონისძიებას რომელსაც სერგეი ლავროვი ესწრება, ქართულმა მხარემ უკრაინისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების მსგავსად, ბოიკოტი უნდა გამოუცხადოს.