"ნაციონალურ მოძრაობაში" დაპირისპირება გრძელდება. თავმჯდომარის წინააღმდეგ ამჯერად თბილისის საკრებულოს წევრები გამოდიან. საკრებულოს 6 წევრი განცხადებას ავრცელებს და ითხოვს, პარტიის მენეჯმენტმა აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა, არჩევნებამდე გაუქმდეს თავმჯდომარის პოზიცია და პარიტეტულ საწყისებზე შეიქმნას დროებითი მმართველი ორგანო.
თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს მიაჩნიათ, რომ კრიზისმა ყველა რგოლი მოიცვა და უსამართლოდ დანიშნული პოლიტსაბჭოს გაფართოებით, უსამართლობა პრობლემის მოგვარების ნაცვლად, მხოლოდ ფართოვდება.
მათივე განცხადებით, მენეჯმენტი არ არის ორიენტირებული პარტიის ერთობაზე და ერთი ნიკა მელიას პარტიიდან გარიცხულად გამოცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის" მიღმა პარტიის ასობით წევრს ტოვებს.
თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მოადგილე ანა გოგოლაძე აცხადებს, რომ კრიზისიდან გამოსავალი მოქმედი თავმჯდომარის თანამდებობიდან წასვლაა.
"ამ კრიზისიდან გამოსავალი არის მოქმედი თავმდჯომარის პოსტიდან წასვლა. ჩვენ ვითხოვთ, რომ 2024 წლის არჩევნებამდე არ ჩატარდეს თავმდჯომარის არჩევნები," - აცხადებს გოგოლაძე.