"ნაციონალურ მოძრაობაში" დაპირისპირება გრძელდება. თავმჯდომარის წინააღმდეგ ამჯერად თბილისის საკრებულოს წევრები გამოდიან. საკრებულოს 6 წევრი განცხადებას ავრცელებს და ითხოვს, პარტიის მენეჯმენტმა აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა, არჩევნებამდე გაუქმდეს თავმჯდომარის პოზიცია და პარიტეტულ საწყისებზე შეიქმნას დროებითი მმართველი ორგანო.
თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს მიაჩნიათ, რომ კრიზისმა ყველა რგოლი მოიცვა და უსამართლოდ დანიშნული პოლიტსაბჭოს გაფართოებით, უსამართლობა პრობლემის მოგვარების ნაცვლად, მხოლოდ ფართოვდება. მათივე განცხადებით, მენეჯმენტი, არ არის ორიენტირებული პარტიის ერთობაზე და ერთი ნიკა მელიას პარტიიდან გარიცხულად გამოცხადებით, ნაციონალური მოძრაობის მიღმა პარტიის ასობით წევრს ტოვებს.
საკრებულოს წევრების მოთხოვნას ხაბეიშვილის მხარდამჭერებმა უპასუხეს. მათი განცხადებით, მოთხოვნა არასერიოზულია.
პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშია" თავმჯდომარე თინათინ ბოკუჩავა აცხადებს, რომ ახალ კონფიგურაციაზე საუბარი არასერიოზულია.
"ვთვლი, რომ ეს თემა ჩემთვის ამოწურულია, გამუდმებით ახალ კონფიგურაციაზე საუბარი სრულიად არასერიოზულია, მაშინ, როდესაც მთავარი ოპოზიციური პარტია არჩევნებისთვის უნდა მოემზადოს. ვისურვებდი და ვიმედოვნებ, რომ ყველა ადამიანი, ვინც საკუთარ თავს ხედავს მთავარ ოპოზიციურ პარტიაში, სწორედ ამაზე იქნება კონცენტრირებული," - აცხადებს თინა ბოკუჩავა.