27 ივლისი 2024,   03:52
ვრცლად
ქვეყანაში ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 8.8%-ით გაიზარდა და 51.7 მილიარდი ლარი შეადგინა - რა მთავარი ფაქტორები განაპირობებს ბიზნესის გაძლიერებისთვის პოზიტიურ გარემოს

ეროვნული ვალუტის სიმყარე, ინფლაციის შემცირება, გაყიდვების ზრდა და სტაბილური ეკონომიკური გარემო ყველაზე მეტად ქართულ ბიზნესზე აისახა. სექტორის ბრუნვის მოცულობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 9 პროცენტითაა გაზრდილი და 51,7 მილიარდი ლარი შეადგინა. 

ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი, სოსო ფხაკაძე განმარტავს, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ბიზნესის განვითარებისთვის ქვეყანაში არსებულ სტაბილურ ვითარებას. სექტორისთვის მისაღებ გარემოს, სოსო ფხაკაძის განცხადებით, ეკონომიკაში პოზიტიური ტენდენციები განსაზღვრავს.

ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა, გასული წლის იგივე პერიოდთან შედარებით 8.8 პროცენტით გაიზარდა და 51.7 მილიარდი ლარი შეადგინა. მონაცემები სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა დაითვალა. ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. მიმდინარე წლის III კვარტალში მისი მოცულობა 19.9 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდზე 5.2 პროცენტით მეტია. ბრუნვის მოცულობის 64.2 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდის, 15.3 პროცენტი - საშუალოზე, ხოლო 20.5 პროცენტი - მცირე ბიზნესზე.

ბიზნეს სექტორის გაზრდილი ბრუნვა დადებითად აისახა დასაქმებულთა რაოდენობაზე. 2023 წლის მესამე კვარტალში დასაქმებულების საშუალო რიცხვი 758 ათასით განისაზღვრა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 4,8 პროცენტით მეტია. დასაქმებულების სახელფასო ანაზღაურებამ კი 293 ლარით მოიმატა და მესამე კვარტალში დაქირავებულების საშუალო ხელფასი 2007 ლარს გაუტოლდა.

ეროვნული ვალუტის სიმყარე, ინფლაციის შემცირება, გაყიდვების ზრდა სექტორების მიმართულებით, სტაბილური მაკროეკონომიკური პარამეტრები, ანალიტიკოსების შეფასებით, ბიზნესის გაძლიერებისთვის პოზიტიურ გარემოს ქმნის. ექსპერტები ამბობენ, რომ ევროკავშირისგან კანდიდატის სტატუსის მონიჭება, ქვეყანაში უფრო მეტ ინვესტიციებს მოიზიდავს.

სტატისტიკის ეროვნული სამსახური, ეკონომიკური მაჩვენებლების შესახებ ინფორმაციას უახლოეს დღეებში გამოაქვეყნებს.

დღის ამბები