29 თებერვალი 2024,   03:31
ვრცლად
ქართული დელეგაცია ბუდაპეშტში - მმართველი გუნდი იმედოვნებს, რომ კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესში საქართველოს უნგრეთის მხარდაჭერა ექნება

ევროპული საბჭოს დეკემბრის სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე უკრაინის თემაზე ევროკავშირში კონსენსუსი არ არის.

საკითხს უნგრეთი ბლოკავს. ვიქტორ ორბანის ულტიმატუმს ევროკავშირის მიერ უნგრეთისთვის გაყინულ 27 მილიარდ ევროს უკავშირებენ,
თუმცა არ არის გამორიცხული, რომ მუქარამ იმუშაოს და ბრიუსელმა ბუდაპეშტისთვის გამოყოფილი 10 მილიარდი ისევ განბლოკოს.

ამავდროულად, უნგრეთში ქართული დელეგაცია იმყოფება, რომელსაც მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს. როგორც დელეგაციის წევრები ამბობენ, ვიზიტის მთავარი თემა ორი ქვეყნის ურთიერთობაა.

"მიზანი არის ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავება ქვეყნებს შორის. კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებამდე ერთი კვირით ადრე ძალიან მნიშვნელოვანია ამ ვიზიტის განხორციელება იმისათვის, რომ ერთად ვიმსჯელოთ ყველა იმ საკითხზე, რომელიც მათ შორის, უკავშირდება საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციას. უნგრეთი არის საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერი ევროინტეგრაციის გზაზე, თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მუდმივ რეჟიმში გვქონდეს თანამშრომლობა ჩვენს უნგრელ პარტნიორებთან იმისათვის, რომ ეს მხარდაჭერა კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ერთ კვირაში, როდესაც საბოლოოდ განიხილება კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი უნგრეთის ძალიან ძლიერი მხარდაჭერა ექნება ჩვენს ქვეყანას," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

"დღეს უნგრეთში ვართ, ქვეყანაში, რომელიც არის საქართველოს მეგობარი. პარტიულ სტრუქტურებთანაც გვექნება შეხვედრა, თანამშრომლობის თემა აქტუალურია და სულ მალე იქნება გადაწყვეტილება მიღებული იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველომ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგას ევროინტეგრაციის გზაზე. რასაკვირველია, უნგრეთი, მისი მეგობრობა, მისი მყარი პოზიცია საქართველოს მხარდასაჭერად არის საგანგებოდ მნიშვნელოვანი," - აცხადებს "ქართული ოცნების" წევრი გია ვოლსკი.

პაკეტში, რომელსაც ბრიუსელმა მწვანე შუქი უნდა აუნთოს, უკრაინასთან ერთად არის საქართველო, მოლდოვა და ბოსნია ჰერცოგოვინა.
"ქართული ოცნება", რომლის დელეგაციაც დღეს უნგრეთში იმყოფება, დარწმუნებულია რომ პრობლემები არ შეიქმნება. მით უმეტეს, რომ ბუდაპეშტი ყველა პლატფორმაზე თბილისის მხარდამჭერია.

"შეხვედრებს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა დღეს უნგრეთში. შეხვედრების შემდეგ უფრო მეტი გვეცოდინება უნგრეთის პოზიციებთან დაკავშირებით ევროკავშირის საბჭოზე. ჩვენთვის მთავარია, რომ საქართველოს მხარდაჭერა იყოს მტკიცე და საქართველოსთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას, რომელსაც ჩვენ ველით, საფრთხე არ შეექმნას,"- აცხადებს მაკა ბოჭორიშვილი.

"ევროკავშირისა და უნგრეთის მოლაპარაკებები არის ევროკავშირისა და უნგრეთის საქმე. ჩვენ ამაში ვერ ჩავერევით. საბოლოო ჯამში, დარწმუნებული ვარ, რომ მიიღება დადებითი გადაწყვეტილებები ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით, მათ შორის, უკრაინის სასარგებლოდ, მოლდოვის სასარგებლოდ და ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ დადებითი გადაწყვეტილება იყოს მიღებული საქართველოს სასარგებლოდ,"- აცხადებს ირაკლი კობახიძე.

დღის ამბები