06 ივლისი 2024,   01:51
ვრცლად
თბილისში ებრაული დღესასწაულის - ხანუქას პირველი სანთლის ანთების ცერემონია და ისრაელისადმი საქართველოს სოლიდარობის ორი პროექტის პრეზენტაცია გაიმართება

ისრაელისადმი სოლიდარობის ორი ქართული პროექტი და ხანუქა თბილისში - ხვალ, 7 დეკემბერს, 19.00 სთ. თბილისში, სასტუმრო ბილტმორის დიდ დარბაზში, ებრაული დღესასწაულის - ხანუქას პირველი სანთლის ანთების ცერემონია და ისრაელისადმი საქართველოს სოლიდარობის ორი პროექტის პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიების ორგანიზატორია "ისრაელის სახლი“.

ღონისძიებას დაესწრებიან სტუმრები ისრაელიდან, ქართული და ადგილობრივი ებრაული საზოგადოების წარმომადგენლები, სტუდენტები, ხელოვნებისა და კულტურის მოღვაწეები.

7 ოქტომბერს ისრაელზე ტერორისტების თავდასხმიდან ზუსტად ორი თვის თავზე, „ისრაელის სახლი“ ხანუქას დღესასწაულს მეგობარ ქვეყანაში განსხვავებული ფორმატით აღნიშნავს. ისრაელელი ბავშვის მიერ ხანუქას პირველი სანთლის ანთება ტერორისტების მიერ გატაცებულთა მხარდაჭერას და განთავისუფლების მოთხოვნას მიეძღვნება. დაგეგმილია ორი ქართული პროექტის წარდგენაც; კერძოდ, გაიმართება 18 ქართველი მხატვრის მიერ ისრაელის სოლიდარობის ნიშნად შექმნილი არტპანოს პრეზენტაცია. ნამუშევარი უახლოეს მომავალში ისრაელს ოფიციალურად გადაეცემა. ღონისძიებაზე ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია წარმოადგენს პროექტს, რომელიც ომის შედეგად დაზარალებული ისრაელელი ბავშვების დასვენების მიზნით საქართველოში ჩამოყვანას ითვალისწინებს.

სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის, თბილისს ეწვია ისრაელში მოქმედი მსხვილი ფონდის, Keren Kayemeth LeIsrael-ის წარმომადგენელი, რომელიც გააკეთებს განცხადებას თბილისსა და ისრაელში მშვიდობის პარკის გაშენებასთან დაკავშირებით. ფონდის წარმომადგენლებისა და ისრაელელი სტუმრების მონაწილეობით, 8 დეკემბერს თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის რევაზ სოხაძის და „ისრაელის სახლის“ მხარდაჭერით, გაიმართება გამწვანების აქცია.

დღის ამბები