16 ნოემბერი 2024,   00:39
ვრცლად
დიმიტრი ხუნდაძე: ფაქტი ერთია, მთელმა საქართველომ და მსოფლიომ დაინახა, რომ თავიდანვე წაგებულ ომში ჩართვას გვაიძულებდნენ - ამისთვის გვიწყობდნენ რევოლუციას

"პროცესები იმდენად სწრაფად და საინტერესოდ ვითარდება მსოფლიოში, რომ უახლოეს პერიოდში ბევრი სიახლის მომსწრე გავხდებით. ბოლო ორი წლის ყველაზე აქტუალური თემა - უკრაინის ომი ხელოვნურად უკანა პლანზე იწევს და ამ პოლიტიკის ძირითადი აქტორები ერთმანეთის გადაბრალების პროცესში არიან." - ამის შესახებ"ხალხის ძალის" ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე წერს. 

როგორც ის აცხადებს, ფაქტი ერთია, მთელმა საქართველომ და მსოფლიომ დაინახა, რომ საქართველოს თავიდანვე წაგებულ ომში ჩართვას აიძულებდნენ. 

"რა მოხდა? რატომ ჩაიშალა რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები ომის დაწყებამდე? შეიძლებოდა თუ არა ამ ომის თავიდან აცილება? ვისი ინტერესები იკვეთება ამ ომში და ვინ უნდა აგოს პასუხი ამხელა მსხვერპლზე? 

მთავარი დანაშაული, ბუნებრივია, ოკუპანტ სახელმწიფოს მიუძღვის, მაგრამ ვინ ვერ გათვალა მოსალოდნელი შედეგები? რატომ ხდება უკრაინისგან დისტანცირება დღეს, მაშინ, როდესაც ერთგვარი შემგულიანებელი და "ერთგული მეგობარი" ამ ქვეყანას ომის დაწყებისას ბევრი ჰყავდა დასავლეთში? 

კითხვები ბევრია, მაგრამ პასუხებს არავინ სცემს. ეს კითხვები აწუხებს თავად უკრაინის მოსახლეობასა და უფრო მეტიც, უშუალოდ ზელენსკის ყოფილ თუ ამჟამინდელ გარემოცვას. ერთმანეთზე გადაბრალებით ცდილობენ ამ პასუხისმგებლობისგან გაქცევას, თუმცა, ალბათ, უკრაინელი ხალხის მოთმინებასაც ექნება საზღვარი.

უკრაინის ომის ირგვლივ შეკერილი პოლიტიკა, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილიც იყო საქართველო, დასასრულს უახლოვდება. საქართველო გადარჩა! ის ჩვენ გადავარჩინეთ! შეძლებს თუ არა უკრაინის დღევანდელი ხელისუფლება საკუთარი იმიჯის გადარჩენას, არ ვიცით, ქვეყანაზე ხომ აღარ ვსაუბრობთ.

ფაქტი ერთია, მთელმა საქართველომ და მსოფლიომ დაინახა, რომ თავიდანვე წაგებულ ომში ჩართვას გვაიძულებდნენ. ამისთვის გვიწყობდნენ რევოლუციას ქვეყანაში და ამისთვის გვმოძღვრავდნენ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები თუ „ნაცმოძრაობის“ კრიმინალები კიევიდან.

გავუძელით, გადავლახეთ, გავიმარჯვეთ! 

არ გავხდით დამანგრეველი თამაშის მონაწილე. დღეს ჩვენ ვართ მაყურებლები იმ ხალხის, ვინც გუშინ ჩვენი ლანძღვით რეიტინგს იმაღლებდა, დღეს კი კულისებიდან ვეღარ გამოდის.

გვტკივა და თანავუგრძნობთ უკრაინელ ხალხს, ახლა, კიდევ უფრო მეტად, რომელიც ასე უმოწყალოდ გაწირეს როგორც გარე, ასევე შიდა მტრებმა", - წერს დიმიტრი ხუნდაძე.

დღის ამბები