21 დეკემბერი 2024,   18:52
ვრცლად
რას ამბობენ ადგილობრივები წალენჯიხაში არსებულ სოციალურ პრობლემებზე და რაში ადანაშაულებს მმართველი გუნდი "ლელოს" ლიდერს

წალენჯიხის საკრებულოს, ფრაქცია "ქართულ ოცნებაში"’ ამბობენ, რომ "ლელოს" ლიდერი, წალენჯიხის მერთან ერთად, მოსახლეობას სოციალური პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა, ნაცვლად კი გასართობ პროექტს სთავაზობს. ამბობენ, რომ თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციონერი კანდიდატის გამარჯვების შემდეგ, სწორედ ხაზარაძე ირწმუნებოდა, რომ ადგილობრივების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე იზრუნებდა, თუმცა ამისთვის არაფერი გაუკეთებია. "ქართულ ოცნებაში" ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაში დღეს წალენჯიხის მერიც დაადანაშაულეს.

თავად მამუკა ხაზარაძე დღეს მედიასთან არ გამოჩენილა. ბრალდებებს, "ლელოს" სხვა ლიდერებმა უპასუხეს და თქვეს, რომ პროექტის კრიტიკა მათთვის მიუღებელია.

მუნიციპალიტეტში არსებულ პრობლემებზე საუბრობს თავად ადგილობრივი მოსახლეობა. წალენჯიხელების თქმით, ბიუჯეტში პრიორიტეტები არასწორადაა განაწილებული. სოციალურ პრობლემებთან ერთად, როგორც ამბობენ, მერიას ამ დრომდე არც ინფრასტრუქტურული პროექტები განუხორციელებია.

ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაზე განმარტებები დღეს წალენჯიხის მერს არ გაუკეთებია. გია ხარჩილავას ნაცვლად, ჟურნალისტების შეკითხვებს მისმა მოადგილემ უპასუხა. თამარ ბელქანიას მტკიცებით, ფინანსურ დოკუმენტში გათვალისწინებული თანხა ბოლომდე ათვისებულია, პროექტები კი ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებზეა მორგებული.

ხაზარაძის გეგმებში მის პირად და პარტიულ ინტერესს ხედავენ "ქართულ ოცნებაში". უმრავლესობაში ამბობენ, რომ ბიუჯეტი არა პოლიტიკური, არამედ მოსახლეობის ინტერესების შესაბამისად უნდა განისაზღვროს. მმართველმა გუნდმა, მამუკა ხაზარაძეს დღეს ქვეყნისთვის, სტრატეგიულად და სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი, ის პროექტებიც შეახსენა, რომელზეც პასუხისმგებლობა თავის დროზე, სწორედ ლელოს ლიდერმა აიღო, თუმცა ვერ განახორციელა.

მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებული თეატრის მშენებლობა გაზაფხულზე დასრულდება, თუმცა გეგმავს თუ არა "ლელოს" დამფუძნებელი წალენჯიხელებისთვის მიცემული დაპირების შესრულებას და სოციალური პროექტების განხორციელებას გაურკვეველია.

 

 

დღის ამბები