16 ნოემბერი 2024,   00:27
ვრცლად
კანდიდატის სტატუსის მოლოდინში - იმოქმედებს თუ არა უკრაინის საკითხზე უთანხმოება საქართველოზე და რა განცხადებები კეთდება პოლიტიკურ სპექტრში

აზრთა სხვადასხვაობა, რომელიც უკრაინისთვის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების გზაზე არსებობს, "ქართული ოცნების" განმარტებით, საქართველოზე გავლენას ვერ მოახდენს. მმართველი პარტიის თავმჯდომარე ამბობს, რომ მოლაპარაკებები, რომელსაც უნგრეთი და ევროკავშირი უკრაინაზე აწარმოებენ, მხოლოდ იმ ქვეყნებს ეხებათ და მათთან საქართველოს გაიგივება ან დაკავშირება, არასერიოზულია. მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც ირაკლი კობახიძის თქმით, ბუდაპეშტი თბილისის ძლიერი პარტნიორი და მხარდამჭერია, რასაც ქართულ დელეგაციას კიდევ ერთხელ უდასტურებენ.

"ქართული ოცნებისგან" განსხვავებული პოზიცია აქვს ოპოზიციას. ხელისუფლების ოპონენტები დარწმუნებულები არიან, რომ თუ უნგრეთი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დაწყებას დაბლოკავს, ეს სერიოზული დაბრკოლება იქნება არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მოლდოვასთვისაც.

ოპოზიციის ერთი ნაწილისგან განსხვავებულია გიორგი გახარიას გუნდის მოსაზრება. პარტია "საქართველოსთვის" ფიქრობს, რომ უნგრეთის მოლაპარაკებები, საქართველოზე გავლენას ვერ მოახდენს, რადგან ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება უკვე გადაწყვეტილია.

სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში, ოპოზიციის მხრიდან უკრაინისა და საქართველოს ერთ კონტექსტში წარმოჩინება, მიუხედავად ტრიოს არსებობისა, მაინც არასწორია. არგუმენტად საპარლამენტო უმრავლესობამ დღეს გასული წლის მაგალითი მოიყვანა, როდესაც ტრიოს ქვეყნებიდან სტატუსი მოლდოვას და უკრაინას მიენიჭა, საქართველოს კი ევროპული პერსპექტივა.

ევროკავშირი საკუთარ გადაწყვეტილებას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე, 14-15 დეკემბერს გამოაცხადებს.

 

 

 

დღის ამბები