კასპის რაიონული ორგანიზაციიდან წასვლის გადაწყვეტილება დღეს "ნაციონალური მოძრაობის" 26-მა წევრმა მიიღო, მათ შორის 6 საკრებულოს ფრაქციის წარმომადგენელია. პარტიის უკვე ყოფილი წევრები გადაწყვეტილების მიზეზად, კეზერაშვილ-მერაბიშვილის არაფორმალურ მმართველობასა და მოქმედი მენეჯმენტის მართვის სტილს ასახელებენ. ამბობენ, რომ ლევან ხაბეიშვილის თავმჯდომარეობით "ნაციონალური მოძრაობა" გაერთიანების ნაცვლად დაიშალა.
რაიონული ორგანიზაციების დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს დღეს სიღნაღში, წინანდალსა და ახმეტაშიც. "ნაციონალური მოძრაობიდან" წასულ 20 წევრს შორის 3 საკრებულოს ფრაქციას წარმოადგენდა. ამბობენ, რომ მოქმედ მენეჯმენტთან თანამშრომლობის ყველა რესურსი ამოწურეს, კრიზისიდან გამოსავალს კი ვეღარ ხედავენ.
რაიონული ორგანიზაციებიდან, წევრების წასვლა ნიკა მელიას მორიგი პერფორმანსია მოქმედი მენეჯმენტისთვის. ხაბეიშვილის ფრთა ამტკიცებს, რომ გუნდის უკვე ყოფილი წევრები, პარტიულ საქმიანობას, ბოლო 9 თვის განმავლობაში ისედაც ბოიკოტს უცხადებდნენ.
ბოლო 4 დღის განმავლობაში, რაიონული ორგანიზაციები დატოვეს ხობში, ბათუმში, ზუგდიდსა და ჭიათურაშიც. მიზეზი ყველგან ერთია- მოქმედი მენეჯმენტის პირობებში პარტიული საქმიანობის გაგრძელების პერსპექტივას ვერ ხედავენ.
"ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პროცესები არასერიოზული და კომიკურია მმართველი გუნდისთვის. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ შიდა განხეთქილებამ, პარტია სრულად ჩამოშალა, მისი რეიტინგი კი მინიმუმამდე დაიყვანა.
ბოლო 4 დღის განმავლობაში, "ნაციონალური მოძრაობა" 100-ზე მეტმა წევრმა დატოვა. რეგიონული ორგანიზაციებიდან წასულებს შორის 45 საკრებულოს წევრია. ისინი მანდატების დატოვებას არ აპირებენ და თვითმმართველ ორგანოებში მუშაობას გაგრძელებას დამოუკიდებელი დეპუტატები სტატუსით აპირებენ.