ზუსტად ერთ კვირაში გახდება ცნობილი, მიიღებს თუ არა საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს. საკითხზე პოლიტიკური შეფასებები გრძელდება. ოპოზიციის განცხადებით, არ არის გამორიცხული უნგრეთის პოზიციას საქართველოს მიმართ ჰქონდეს უარყოფითი გავლენა, თუმცა იმედს იტოვებენ, რომ საბოლოო გადაწყვეტილება იქნება რეკომენდაციის შესაბამისად.
"აქ საუბარია მთლიანად გაფართოების პაკეტზე და მე იმედი მაქვს, რომ საბოლოო ჯამში, ორბანის პირადი ინტერესების მიუხედავად, საქართველოს საკითხი სხვა დანარჩენ ქვეყნებთან ერთად იქნება გადაწყვეტილი რეკომენდაციის შესაბამისად. სხვა დანარჩენი, მე არ ვფიქრობ, რომ რაღაც სიურპრიზებს უნდა ველოდოთ," - აცხადებს "რეფორმების ჯგუფის" წევრი თეონა აქუბარდია.
"გირჩის" წევრი, ალექსანდრე რაქვიაშვილი ამბობს, რომ ეს საკითხი ევროპაში შიდა ვაჭრობის თემაა და, საბოლოოდ, ყველა დათანხმდება.
"იმედია, 15 დეკემბერს მივიღებთ სტატუსს, მიუხედავად იმისა, რომ რაღაც პრობლემები გვაქვს უნგრეთთან, მაგრამ ჩემი შეფასებით, ეს უბრალოდ ევროპული შიდა ვაჭრობაა და, საბოლოო ჯამში, ნაკლებად ეხება საქართველოს, უკრაინას ან მოლდოვას. როდესაც ივაჭრებენ საკმარისად, მერე, საბოლოო ჯამში, ყველა დათანხმდება და 15-ში სტატუსს მივიღებთ," - აცხადებს ალექსანდრე რაქვიაშვილი.
მმართველ პარტიაში კი აცხადებენ, რომ ტრიოს ჭრილში საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების განხილვა არასწორია, ვინაიდან საქართველო დამოუკიდებლად იმსახურებს კანდიდატს სტატუსს და აუცილებლად მიიღებს.
"იმის ყიჟინა, რომ ჩვენ ვართ ტრიოში და ვართ ერთ კალათაში ახლა, როდესაც საქართველო სამართლიანად, დამსახურებულად, მას მერე, რაც დაიჩაგრა ერთი წლის წინ, აუცილებლად მიიღებს რამდენიმე დღის შემდეგ კანდიდატის სტატუსს. სად იყვნენ ისინი მაშინ და რატომ არ მოსდიოდათ ნიანგის ცრემლები, როდესაც საქართველო უსამართლოდ დაჩაგრეს და სწორედ ამ ტრიოდან და კალათიდან ამოაგდეს. ერთი თავით წინ ვართ და კიდევ ზალიან ბევრით გავასწრებთ იმიტომ, რომ ჩვენ ვმუშაობთ,"- აცხადებს "ქართული ოცნების" წევრი ბექა ოდიშარია.