ნიკა მელიას განცხადებას, რომლითაც მან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" დატოვა, უკვე მოჰყვა პოლიტიკური შეფასებები. თავად მელიას მხარდამჭერები აცხადებენ, რომ მისი მხრიდან პარტიის დატოვება მოსალოდნელი და ლოგიკურიც იყო.
"ის ნაბიჯი, რომელიც გადადგა ნიკა მელიამ, იყო ყველანაირად ლოგიკური და მოსალოდნელი, ვინაიდან მთელი ამ პერიოდის მანძილზე ჩვენ ვაკვირდებოდით ამ ძალიან შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებას ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომელიც იყო წინააღმდეგი პარტიის შიგნით არაფორმალური მართვის. ლოგიკურია, რომ სადაც არსებობს ამხელა ვაკუუმი ნამდვილი პოლიტიკური პარტიის, რომელიც არ იქნება არავის მოთამაშე, არავის მარიონეტი, ასეთი პარტია აუცილებლად გაჩნდება და ის იქნება ძლიერი მოთამაშე საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში," - აცხადებს ენმ-ის წევრი გიორგი იმედაშვილი.
პარტიის მოქმედი თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის ფლანგში კი განმარტავენ, რომ ამ გადაწყვეტილებით მელიამ პარტიის შიგნიდან რყევა დაასრულა.
"დაასრულა ნიკა მელიამ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" შიგნიდან რყევა და მისი დასუსტების მცდელობა და მან უკვე ოფიციალურად გადადგა ის ნაბიჯი, რომელიც გადადგმული ჰქონდა თვეების განმავლობაში. მისი გადაწყვეტილება შეიძლება დაფუძნებული იყოს ამბიციებზე, განაწყენებაზე, მაგრამ მთავარია ის, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" პრეზიდენტ სააკაშვილის ლიდერობით და ჩვენი ამომრჩევლის მხარდაჭერით მზად ვართ გამარჯვებისთვის," - აცხადებს "ნაცმოძრაობის" წევრი გიორგი კაპანაძე.
პარალელურად, უმრავლესობაში ამბობენ, რომ მელიამ საკუთარ განცხადებაში "ნაციონალური მოძრაობა" როგორც წარსული ისე მოიხსენია და ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ სამომავლოდ ეს პარტია პოლიტიკური ველიდან გაქრება.
"ხანგრძლივი პოლიტიკური ჭინთვების შემდგომ, როგორც იქნა, მელიამ დატოვა "ნაციონალური მოძრაობა, თუმცა ამას წინ უძღოდა ათამდე მუნიციპალიტეტში ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრების განცხადება, რომ მათ დატოვეს "ნაციონალური მოძრაობა." მელიას განცხადებაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ის, რომ მან "ნაციონალური მოძრაობა" მოიხსენია ისე, როგორც წარსული და ეს არის ზუსტად იმის მტკიცებულება, რასაც ჩვენ ვამბობდით, რომ ამ პარტიის ლოგიკური დასასრული იქნება მისი გაქრობა პოლიტიკური ველიდან," - აცხადებს "ხალხის ძალის" წევრი გურამ მაჭარაშვილი.