05 მაისი 2024,   03:00
ვრცლად
მმართველი გუნდი ევროპის პოლიტიკური დედაქალაქიდან სამართლიან გადაწყვეტილებას ელოდება - ამბობენ, რომ 15 დეკემბერს ქვეყანა კანდიდატის სტატუსის მიღებას იზეიმებს

დამსახურებაზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებას, საქართველო რამდენიმე დღეში ელოდება. პირველი კანონმდებელი ამბობს, რომ ქვეყანას უკვე აქვს ევროკომისიის პოზიტიური დასკვნა. აქედან გამომდინარე, შალვა პაპუაშვილი დარწმუნებულია, რომ ევროპის პოლიტიკური დედაქალაქიდან საქართველო სამართლიან გადაწყვეტილებას მოისმენს.

პარლამენტის თავმჯდომარე ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებებსაც გამოეხმაურა და თქვა, რომ მოლაპარაკებები, რომელსაც უნგრეთი და ევროკავშირი უკრაინასთან დაკავშირებით აწარმოებენ, მხოლოდ იმ ქვეყნებს ეხებათ და მათთან საქართველოს დაკავშირება არასერიოზულია. უკვე ყველასთვის ცნობილია, რომ უნგრეთის პრემიერი ახლა იმ მილიარდობით ევროს განბლოკვას ითხოვს, რომელიც მათთვის იყო განკუთვნილი და ბრიუსელმა დაბლოკა. 

ევროპული საბჭოს მხრიდან საბოლოო გადაწყვეტილებას ელოდებიან მმართველი გუნდის ოპონენტები. ოპოზიციაში იმედი აქვთ, რომ გადაწყვეტილება დადებითი იქნება.

საპარლამენტო უმრავლესობის მოლოდინი პოზიტიურია. ამბობენ, რომ 15 დეკემბერს ქვეყანა კანდიდატის სტატუსის მიღებას იზეიმებს, რაც ევროინტეგრაციის გზაზე ხელისუფლების მხრიდან გადადგმული ნაბიჯების დამსახურებაა.

ბრიუსელის გადაწყვეტილებამდე საქართველოს ევროპულ პერსპექტივას დადებითად აფასებენ ევროკავშირისა და ავსტრიის ელჩები. დიპლომატები იმედოვნებენ, რომ გაფართოების პაკეტის დასამტკიცებლად, ლიდერები ერთსულოვნების მიღწევას შეძლებენ.

ევროპული საბჭო საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას 14-15 დეკემბერს გამოაცხადებს.

 

 

დღის ამბები