25 ნოემბერი 2024,   22:43
ვრცლად
ოკუპირებულ გალში, საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. მილიციის თანამშრომლებმა საქართველოს მოქალაქე სცემეს - მამაკაცი საავადმყოფოში გადაყვანისთანავე გარდაიცვალა

ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს მოქალაქე თემურ კარბაია დაიღუპა - გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპირებულ გალში მცხოვრებ თემურ კარბაიას, საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. მილიციის თანამშრომლებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და სცემეს. კარბაია საავადმყოფოში გადაყვანისთანავე გარდაიცვალა.

"კურიერი" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაუკავშირდა, სადაც განმარტავენ, რომ აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ჩართულობით მოქმედი ცხელი ხაზი. გაზიარებული ინფორმაციით, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დაადასტურეს საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი, თუმცა არ დაადასტურეს ხსენებული პირის უკანონოდ დაკავების მცდელობა.

იქიდან გამომდინარე, რომ პროცესები ოკუპირებული ტერიტორიის სიღრმეში, ოკუპირებულ ქ. გალში განვითარდა, მიმდინარეობს დამატებითი ინფორმაციის მოძიების პროცესი. 

საოკუპაციო ხაზის მორიგი მსხვერპლი 43 წლის მამაკაცია. ის ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ წარჩეს მკვიდრი იყო. როგორც ოჯახის წევრები "კურიერთან" ყვებიან, ის სწორედ სახლში მიდიოდა იმ დროს, როდესაც ადგილობრივმა ე.წ. მილიციამ გააჩერა, ადგილზე შელაპარაკება მოხდა, რის შემდეგაც კარბაიას ფიზიკურად სასტიკად გაუსწორდნენ.

ოჯახის წევრების თქმით, მამაკაცი ერთი დღის განმავლობაში კომაში იყო და გუშინ ღამით გარდაიცვალა.

გარდაცვლილი მამაკაცი ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობდა, თუმცა მისი ძმა და ძმის ოჯახი ზუგდიდში ცხოვრობს, რომლებისგანაც "კურიერმა" ინციდენტთან დაკავშირებული დეტალები მოიპოვა.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ინციდენტში 3 ე.წ. მილიციელი მონაწილეობდა.

"გუშინ კომაში იყოო და გარდაიცვალა ღამე. ძვლები და გვერდები დამტვრეული. დაისაჯონ, ვინც გააკეთა ისინი," - ამბობს ოჯახის ერთ-ერთი წევრი.

 

დღის ამბები