27 ივლისი 2024,   04:38
ვრცლად
აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალი - რომელი რეფორმებით გამოხატა განსაკუთრებული კმაყოფილება ევროპამ და ვისგან მიიღო საქართველომ მხარდაჭერის გარანტიები

ილია დარჩიაშვილმა ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში პოზიტიური გზავნილები მიიღო. აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე საქართველოს პირველმა დიპლომატმა ევროპელი კოლეგებისგან კიდევ ერთხელ მოისმინა, რომ ქვეყანა რეფორმების გზაზე სწორ ნაბიჯებს დგამს. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის ოფიციალურად მონიჭებამდე რამდენიმე დღით ადრე, მინისტრმა უნგრეთ-ევროკავშირის საკითხზეც ისაუბრა და განმარტა, რომ ოფიციალური ბუდაპეშტი საქართველოს აქტიური მხარდამჭერია. შესაბამისად, სტატუსის კუთხით, ქვეყანას დაბრკოლება არ შეექმნება.

ევროგაერთიანების კანდიდატი ქვეყნის სტატუსს რომ საქართველო ნამდვილად იმსახურებს, დღეს, საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმაც დაადასტურა. ჟოზეფ ბორელმა ქვეყანას ინსტიტუციური რეფორმები მოუწონა და ამ მიმართულებით მოძრაობის გაგრძელება ურჩია.

საქართველოს მხარდამჭერი იყო ქვეყნის ტრადიციული მოკავშირეების განცხადებებიც. ბალტიისპირეთის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ევროინტეგრაციის გზაზე, ხალხთან ერთად, ხელისუფლების მკაფიო განზრახვებზეც ისაუბრეს. თქვეს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამას ევროპასთან უფრო დაახლოებული საქართველო და სხვა ქვეყნები სრულიად ახალ ფორმას შესძენს.

ევროკავშირის გაფართოების მხარდაჭერა დღეს ფინეთისა და ჩეხეთის პირველმა დიპლომატებმაც დაადასტურეს. მინისტერიალის მონაწილეებმა საქართველოს, როგორც მომავალი წევრის, დიდ პერსპექტივაზეც ისაუბრეს. ლიდერები ქვეყნის ევროკავშირთან ჰარმონიზაციის პროცესს პოზიტიურად აფასებენ.

ევროკავშირის გაფართოების აუცილებლობაზე ისაუბრა უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმაც. დმიტრო კულებამ ევროგაერთიანების მხრიდან ახალი იმპულსის მიღების პროცესში უკრაინის როლზე გააკეთა აქცენტი და თქვა, რომ პროცესი არ უნდა შეჩერდეს.

აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალი, ევროპული საბჭოს სხდომამდე რამდენიმე დღით ადრე გაიმართა. სამიტს პარტნიორი 6 ქვეყნიდან ხუთის საგარეო საქმეთა მინისტრი ესწრებოდა. მინისტრებმა ევროპელ კოლეგებთან 2024 წლის მუშაობის ძირითადი პრიორიტეტები განიხილეს, რომლებმაც ერთობლივი ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის განხორციელება უნდა დააჩქაროს.

დღის ამბები