„დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების წინაშე დგას საქართველო. ეს გადაწყვეტილება მიიღება 14-15 დეკემბერს და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს იქნება დამსახურებული აღიარება იმ წარმატებისა, რომელიც აქვს საქართველოს ბოლო წლებში, რომელიც აქვს საქართველოს ისტორიულ ფესვებზე დაყრდნობით. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ შედეგად საქართველო დამსახურებულად მოიპოვებს შემდგომ წინსვლას ევროინტეგრაციის გზაზე, რომელიც აუცილებლად მიიყვანს ჩვენს ქვეყანას ევროკავშირის დამსახურებულ წევრობამდე. ეს მნიშვნელოვანია აღინიშნოს დღევანდელ დღეს და ალბათ, ამაზე უფრო მნიშვნელოვანი საკითხი არაფერია, ვინაიდან სწორედ ეს არის საშუალება და ეს არის ის გზა, რომელიც საქართველოს მიიყვანს ნებისმიერ წარმატებამდე და, მათ შორის, რა თქმა უნდა დეოკუპაციამდე“, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, საქართველოს ნამდვილად ჰყავს პროევროპული მოსახლეობა, რომლის წარმატებაც იქნება 15 დეკემბერს მიღებული გადაწყვეტილება.
„საქართველოს ეს პროევროპული მოსახლეობა ირჩევს სწორედ პროევროპულ ხელისუფლებას ბოლო 8 არჩევნებია უცვლელად, იმიტომ, რომ მას ძალიან კარგად აქვს გააზრებული, თუ ვის შეუძლია და ვის მიჰყავს ქვეყანა მკვიდრი ნაბიჯებით იმ წარმატებისკენ, რასაც ჰქვია საქართველოს გაწევრიანება ევროკავშირში. ამას ხედავს მოსახლეობა და აკეთებს სწორ არჩევანს. დიახ, ეს - რასაც ჰქვია კანდიდატის სტატუსის მოპოვება ჩვენი ქვეყნისთვის, იქნება ქართველი ხალხის, მისი არჩევანის, ამ ხელისუფლების წარმატება“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, ოპოზიციამ გაითვალისწინოს, რომ გასულ წელს დიდი შეცდომა დაუშვა, როდესაც რეფორმების პროცესს გაემიჯნა.
„უნდა გვახსოვდეს, რომ მომდევნო წელიც, 15 დეკემბრის შემდეგ, აუცილებლად იქნება ლაკმუსის ქაღალდი ოპოზიციისთვის - ან დაუშვებს ოპოზიცია იგივე შეცდომას, გაემიჯნება ევროინტეგრაციის გზაზე ქვეყნის წარმატებაში წვლილის შეტანის პროცესს ან რეალურად შეძლებს გადალახოს, აღიაროს გასულ წელს დაშვებული შეცდომა და მონაწილეობა მიიღოს ქვეყნის წარმატებაში“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.